"ილიას გზა" - "ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო გეგმა წარადგინა

"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. 5 სექტემბერი, 2024 წელი

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა სახელწოდებით, "ილიას გზა". გეგმის პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა, სადაც ოპოზიციონერებმა პროგრამის ძირითადი აქცენტები წარადგინეს.

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამომრჩეველს სოციალურ-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავიანთ ხედვაზე ესაუბრა:

  • "რუსული ოკუპაციისგან, რუსული გავლენისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა. გვაქვს 9 რეფორმა როგორ უნდა გავერთიანდეთ სწრაფად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში - ეს ეხება ვიზების შემოღებას, ფრენების რეგულირებას, ჩვენი მიწების რუსებზე გაყიდვის აკრძლავას;
  • ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, შევქმნათ ამ ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილი. რომელიც ამ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. გვაქვს გაწერილი გეგმა, როგორ ავაყვავებთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლია. ჩვენ ამ პროექტს დავძრავთ და ავაშენებთ;
  • 1000 ლარიანი პენსია - ვინმეს არ ეგონოს წინასაარჩევნო დაპირება, ესაა კონკრეტული დეტალური გეგმა იმისა, რომ ჩვენს პენსიონერებს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, დედებს და მამებს მივცეთ ელემენტარული საშუალება იმისა, რომ სიბერე ჰქონდეთ უზრუნველყოფილი. ამას გავაკეთებთ ყოველწლიური ინდექსაციით და იმ საშუალებებით, რაც არსებობს კორუფციის პირობებში, აზარტული თამაშების დაუბეგრავ ბიზნესში".

მოსახლეობისთვის ღირსეული სამუშაო ანაზღაურებისა და მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ გეგმა წარადგინა ოპოზიციონერმა ანა დოლიძემ.

"ჩვენი გეგმის აუცილებელი ნაწილია ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება, ის, რომ საქართველოში არავინ იმუშაოს მონურ ხელფასზე. 150 000 ადამიანი დღეს ცხოვრობს თვეში 500 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებაზე. ევროპული გეზისთვის ეს მიუღებელია. ჩვენ შევქმნით ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ყველა ქვეყანაშია ევროკავშირში - ესაა საცხოვრებელი, ღირსეული მინიმალური ხელფასი, ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ბიზნესთან ერთად. ბიზნესის ხელშეწყობით, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობით, აქ ინვესტორების ჩამოყვანით", - თქვა ანა დოლიძემ და დაამატა, რომ მათი გეგმით, მათ შორის, კაზინოების დაბეგვრით შექმნილი დოვლათი გადანაწილდება ისე, რომ "არცერთი ბავშვი საქართველოში მშიერი არ დარჩება".

გაერთიანების წევრმა, "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განათლების რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კეთილდღეობის ზრდა განათლების რეფორმისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გვაქვს:

  • ინსტიტუციური ცვლილებები, დემოკრატიის თავისუფლების მაღალი ხარისხის, კარგი არჩევნების, კანონმდებლობის დახვეწისა და მიღების გარეშე ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით. ჩვენ ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებას, რომ არსებობდეს სპეციალური სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ვალდებული იქნება, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე კოორდინატორის და ლიდერის ფუნქციით;
  • ვაჭრობის, ექსპორტის ზრდა ევროკავშირთან - გვექნება შესაძლებლობა ნაკლებად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, გავხდეთ უფრო ძლიერები, უსაფრთხო სახელმწიფო, სწრაფად განვითარებული სახელმწიფო, თავი დავაღწიოთ ჰიბრიდული დემოკრატიის და განვითარებადი სახელმწიფოების რიგს.
  • ახალგაზრდების მობილობის გაძლიერება - ვგეგმავთ გავახუთმაგოთ გავცლითი პროგრამების ევროკავშირთან და ავამოქმედოთ პირდაპირი ფრენები ბევრ ევროპულ დედაქალაქში", - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე ნახეთ არჩევნები 2024: ასეთია პარტიების ბოლო კონფიგურაცია