4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი პეტერ სტანო. მისი განცხადების ქართული თარგმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა.
პეტერ სტანოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტთა პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.
ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.
ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა“, - ვკითხულობთ პეტერ სტანოს განცხადებაში.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს.
განცხადებაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული ე.წ. აგენტების კანონი.
„ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს“, - აღნიშნავს პეტერ სტანო.
განცხადების თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.
„ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, - წერია პეტერ სტანოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტმა მე-2 მოსმენით მიიღო4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მიიღეს „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება.
ეს კანონი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განცხადებებისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზია. კანონპროექტის დამტკიცებას მმართველი პარტია, საშემოდგომო სესიაზე სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.
პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ - დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.
ასევე ნახეთ წავიკითხეთ ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი - რა წერია იქ„ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტიც აქვს წარდგენილი, თან ისე, რომ მის მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს. ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობით აირჩევენ, მაშინ შეძლებს, მაგალითად, „სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება“ [კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 4].
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში აიკრძალება „იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის არარაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“ [კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 7].