პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლაშა ბაქრაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საერთოდ არ უგულისხმია ქალები და არ უცდია ქალების ერთმანეთთან დაპირისპირება, არც პარტია „ქართული ოცნების“ ქალი წარმომადგენლების შეურაცხოფა.
ლაშა ბაქრაძე ასე განმარტავს, მის მიერ 3 სექტემბერს პარტიულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას, როდესაც თქვა რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ნათელი სახეებია, მმართველ გუნდს კი “ნახმარი სახეები” ჰყავს.
“ერთ მხარეს ჩვენი ქალები ვახსენე, რომ ასეთი ნათელი სახეებია ჩვენს მხარეს და მეორე მხარეს საერთოდ ქალებთან დაკავშირებით არც მიფიქრია, ვიგულისხმე რომ არის უინტერესო, უღიმღამო, შეგვიძლია ვთქვათ, გაცვეთილი სახეები "ქართული ოცნების". აი, ამას ვგულისხმობდი. მეტს არაფერს. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სხვა კონტექსტში შეიძლებოდა გაგებულიყო და სხვა ინტერპრეტაციას ვინმე თუ მისცემდა ვერ წარმომედგინა“, - უთხრა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას, მისივე განმარტებით, ქალები არასოდეს დაუპირისპირებია „არასოდეს არ ვიზამ. აქეთ ქალები ვახსენე, იქით ოცნების მობეზრებული სახეები“.
3 სექტემბერს ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში სიტყვით გამოსვლისას ლაშა ბაქრაძემ თქვა:
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
ბაქრაძის სიტყვებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, პოლიტიკურ წრეებში.
პარტია "ქართული ოცნების წარმომადგენელი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა ლაშა ბაქრაძის განცხადებას და მას “წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი” უწიდოა, რომელსაც “ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია და ადამიანების ჩაშვების, დაბეზღების, ჩარეცხილებად და ნახმარებად გამოცხადების გარდა, სამწუხაროდ ბევრი არაფერი გამოსდის”, ამასთან დეპუტატმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალები მოიხსენია შეურაცხმყოფელად.
მედიასთან საუბარში ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიას თქმით "იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები და განახორციელოს”, მისი თქმით ვერ გაიგო რა კონტექსტში იყო ნათქვამი ლაშა ბაქრაძის სიტყვები, თუმცა ეს ეს არც მის მხარეს აძლევს ” მაინცდამაინც კარგ დახასიათებას”.
ბაქრაძის განცხადებას მოგვიანებით, გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანის თქმით ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოისმინა "აბსოლუტურად მიუღებელია".
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს - არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება!” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
დღის ბოლოს ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ არასწორი სიტყვა გამოიყენა:
"თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ, ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი".