რუსლან აბაშიძე, რომელიც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, თანამდებობას ტოვებს.
„მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.
2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები“, - ვკითხულობთ რუსლან აბაშიძის განცხადებაში.
„ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აბაშიძე მადლობას უხდის საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ის ასევე მადლობას უხდის აფხაზეთის საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
რუსლან აბაშიძეს 4-წლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ძალიან მალე დაინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე.
როგორც კობახიძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, სასურველია, რაც შეილება მალე შედგეს კონსულტაცია და დაინიშნოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი თავმჯდომარე“, - თქვა კობახიძემ.
პრემიერი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ რუსლან აბაშიძე სახელმწიფო სამსახურში დარჩება. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.