რუსეთის დონის როსტოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინელ სამხედროს, ალექსანდრ ლიუბასს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროზე გადასვლის და რუს სამხედროებზე თავდასხმის მცდელობის გამო. ამის შესახებ ТАСС -ს აცნობა სასამართლოს წარმომადგენელმა.
სააგენტო მსჯავრდადებულს მოიხსენიებს როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს "სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის წევრს". ის დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, იარაღის შენახვისა და კონტრაბანდის, ტერაქტისა და ტერორისტული მოქმედების მიზნით მომზადების გავლის ბრალდებებით.
გასული წლის შემოდგომაზე შეტაკება მოხდა რუსეთის ფე-ეს-ბეს თანამშრომლებსა და უკრაინის დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფების მებრძოლებს შორის, რომლის დროსაც ალექსანდრ ლიუბასი ტყვედ ჩავარდა. ის ჰიდროციკლზე მძღოლის გვერდზე იჯდა და მკვეთრი მანევრის განხორციელებისას წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც დააკავეს, - წერს ТАСС-ი.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მან თავი უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რიგით წევრად წარადგინა და თქვა, რომ 16 დივერსანტისგან შემდგარი ჯგუფი ნახევარკუნძულზე ოდესის რაიონის ტერიტორიიდან ჩავიდა ერთი კატერითა და ხუთი სკუტერით.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა, მათ შორის ტერაქტის მომზადების მუხლითაც.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს სამხედრო ტყვეების გასამართლებას ომში მონაწილეობისთვის ან ქმედებებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ რუსეთისა და უკრაინის სასამართლოების მიერ ამ პრინციპის არაერთგზის დარღვევას.
ასევე ნახეთ რუსეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ სამხედრო ტყვეს