გარდაიცვალა კაპრალი, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამწვრობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კაპრალი ​სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

„მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ სამინისტრომ პირველი განცხადება 8 აგვისტოს გაავრცელა.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო.