რუსეთის სარაკეტო თავდასხმას პოლტავაში სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ეს უკანასკნელი მონაცემები თავდასხმის შედეგების შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

ცნობით, გამოძიება დაიწყო „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობაზე თავდასხმის ფაქტზე, პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ რაკეტები მოხვდა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საავადმყოფოს“.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, დიმიტრი ლაზუტკინმა უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

პოლტავის რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა. მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლები დაშავებულებისთვის სისხლს აბარებენ. "დიდი ტრაგედია პოლტავის რეგიონისთვის და მთელი ქვეყნისთვის", - წერს პრონინი სოციალურ ქსელებში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.BBC-ის უკრაინული სამსახური აღნიშნავს, რომ რაკეტა მოხვდა კავშირგაბმულობის ძალების სასწავლო ცენტრს, რომელიც მდებარეობს პოლტავის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სკოლის ტერიტორიაზე.

ადრე გავრცელებული ცნობით, სარაკეტო თავდასხმა საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან მალევე მოხდა და შენობაში მყოფებმა ბომბსაფარში ჩასვლა ვერ მოასწრეს.

„კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ერთი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. ხალხი ნანგრევებში აღმოჩნდა. ბევრის გადარჩენა მოხერხდა" - განაცხადა ზელენსკიმ ადრე.

ასევე ნახეთ კრამატორსკის სასტუმროზე რუსეთის თავდასხმას ემსხვერპლა ბრიტანეთის მოქალაქე