კრემლი "შეზღუდულად" აღიარებს კურსკთან დაკავშირებით ხელისუფლებით საზოგადოების უკმაყოფილებას - ISW

უკრაინის არმიის მიერ აფეთქებული ხიდი მდინარე სეიმზე კურსკის რეგიონში, 2024 წლის 17 აგვისტო

რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი სოციოლოგიური სააგენტოები აღიარებენ კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის ფონზე რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობით უკმაყოფილების "შეზღუდულ ზრდას". ამის შესახებ 31 აგვისტოს ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა.

ამერიკელი ანალიტიკოსები ასეთ დასკვნამდე რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სრულიად რუსეთის ცენტრის ანგარიშების გაანალიზების შემდეგ მივიდნენ.

კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის ფონდის გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტების 28%-მა უკმაყოფილება გამოთქვა ბოლო თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც კრემლის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას ასევე მოჰყვა ხელისუფლების ნდობის რეიტინგის ვარდნა.

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სრულიად რუსეთის ცენტრის ახალი მონაცემებით კი, პუტინის რეიტინგი 1.2%-ით დაეცა, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი - 72.4%-ია.

ასევე ნახეთ CIA დარწმუნებულია, რომ პუტინი კურსკის ოლქში კონტრიერიშს გეგმავს ტერიტორიების დასაბრუნებლად

ISW-ი აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სააგენტოების ეს გამოკითხვები არ ასახავს რუსეთის საზოგადოების აშკარად გამოხატულ უკმაყოფილებას და „არ წარმოადგენს რუსეთის საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობების საიმედო სურათს“.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და მას შემდეგ წინ მიიწევენ. კიევის თქმით, ის აკონტროლებს 1000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის ტერიტორიების დაკავებას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებისთვის.
  • 28 აგვისტოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის მოადგილემ, დევიდ კოენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მიმართავს კონტრშეტევას, რათა შეეცადოს კურსკის ოლქში დაიბრუნოს უკრაინის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია.