97-მდე გაიზარდა 30 აგვისტოს რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. დაშავებულთა შორის 22 არასრულწლოვანია. ინფორმაციას ტელეგრამარხზე ავრცელებს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი.
თავდასხმის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი. სინეგუბოვის ინფორმაციით, ხუთი ავიაიერიში მეზობელი ბელგოროდის ოლქიდან განხორციელდა. ბომბები სამ რაიონში, ხუთ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
დაღუპულთა შორისაა 14 წლის გოგო. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაუჩნდა 12-სართულიან საცხოვრებელ სახლს.
„რუსეთის თავდასხმა ხარკოვზე განხორციელდა უბრალო ხალხზე, ჩვეულებრივ სახლებზე“, - დაწერა Telegram-ში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან კვლავ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ნება დართონ უკრაინას შორი მოქმედების იარაღით დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს, კერძოდ, აეროდრომებს. რუსულ მხარეს თავდასხმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ხარკოვზე ბოლო თვეებში არაერთხელ განხორციელდა დარტყმები საჰაერო ბომბებით.