"ჩრდილოეთ ნაკადების" ამფეთქებელს გერმანიიდან გაქცევაში პოლონეთი დაეხმარა

2022 წლის სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენების ოთხიდან სამი ხაზი დაზიანდა.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებების მონაწილე, უკრაინის მოქალაქე, პოლონეთის მხარდაჭერით გერმანიიდან გაიქცა. როგორც გამოცემა „შპიგელი“ იუწყება, მყვინთავი გააფრთხილეს გერმანიაში მის სახელზე გამოცემული დაკავების ბრძანების შესახებ.

"შპიგელის“ ცნობით, უკრაინელი მოგვიანებით პოლონეთიდან უკრაინის საზღვარზე ვარშავაში უკრაინის საელჩოს დიპლომატიური ნომრებიანი მანქანით გადაიყვანეს.

გამოცემა აფეთქებაში ეჭვმიტანილად ვლადიმერ შ.- ს ასახელებს. დიდი ალბათობით, საუბარია ვლადიმერ ჟურავლიოვზე, რომლის სახელიც ადრე Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.

გერმანიის ტელეარხ ZDF-ის, დანიის სამაუწყებლო კომპანია DR-ის და გამოცემა Der Spiegel-ის გამოძიების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ორჯერ იმყოფებოდა გერმანიაში დივერსიის ჩადენის შემდეგ- 2023 წლის შემოდგომაზე და 2024 წლის გაზაფხულზე. ბოლოს, კოპენჰაგენში რომ მიემგზავრებოდა, გზად იგი მაისში ბერლინში ცოლის ნათესავს ეწვია.

21 ივნისს, უკრაინელის გერმანიიდან წასვლიდან რამდენიმე დღეში, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა მისი დაკავების ბრძანება გასცა. დაპატიმრების ევროპული ბრძანება პოლონეთში იმავე დღეს გაიგზავნა.

გამოცემა სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, დაუყოვნებლივ დააკავონ უკრაინის მოქალაქე, თუმცა ეს ასე არ მოხდა. 6 ივლისის დილით, ეჭვმიტანილმა დივერსანტმა გადაკვეთა პოლონეთისა და უკრაინის საზღვარი. ბერლინი დარწმუნებულია, რომ ვარშავამ ძებნილი მამაკაცი გააფრთხილა. “შპიგელის” თანახმად, პოლონელი ოფიციალური პირები არ გეგმავდნენ მყვინთავის დაკავებას, ზოგიერთმა კი მას "გმირი" უწოდა."პოლონეთის ქმედებებმა გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების აღშფოთება გამოიწვია, - წერს გაზეთი.

დაკავების ბრძანება ადრე რომ ყოფილიყო გამოცემული, გერმანელ გამომძიებლებს შეეძლოთ უკრაინელი გერმანიაში ჯერ კიდევ მაისში დაეკავებინათ. იმ დროს ცნობილი იყო დივერსიაში მისი სავარაუდო მონაწილეობა, მაგრამ გერმანიის უსაფრთხოების სტრუქტურებს ხელში არ ჰქონდათ დაკავების ბრძანება.

18 აგვისტოს პოლონეთის პრეზიდენტის გარემოცვაში უსაფუძვლო უწოდეს ვარაუდებს იმის შესახებ, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთის გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" დაგეგმილი და განხორციელებული დივერსიის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, ვარშავის მხარდაჭერით.

ასევე ნახეთ ვარშავა უარყოფს “ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენის დაზიანებაში თავისი როლის შესახებ ცნობებს

გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა" და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" ოთხიდან სამი ხაზი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს დაზიანდა ძლიერი აფეთქებების შედეგად. გამოძიებაში მონაწილე კომპანია Blueye Robotics-ის თანახმად, 80 მეტრის სიღრმეში მილსადენის მრავალმეტრიან მონაკვეთზე მილები ან არ არის, ან მათი ნამსხვრევები ფსკერზეა მიმოფანტული.

დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ, მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს.

ასევე ნახეთ WSJ: ზელენსკიმ თავდაპირველად მოიწონა "ჩრდილოეთის ნაკადების" მწყობრიდან გამოყვანის გეგმა