კახეთში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სოფელი ახაშენი მკვლელობების დღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 39 წლის ზვიად ზურაბაშვილი, რომელიც მეუღლის და ორი მეგობრის მკვლელობაშია ბრალდებული.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.