რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა აშშ-ის 92 მოქალაქეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. მოსკოვი, 5 მარტი, 2022.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა აშშ-ის 92 მოქალაქეს, მათ შორის Wall Street Journal-ის, Washington Post-ისა და New York Times-ის არაერთ ჟურნალისტს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ბაიდენის ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის საპასუხოდ“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ კურსის ნაწილი მოიცავდა „ხალიჩისებრ“ სანქციებს რუსი პოლიტიკოსების, ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლების, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების, ჟურნალისტებისა და მედიასტრუქტურების წინააღმდეგ“.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ამერიკული გამოცემების ჟურნალისტები, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, ჩართულნი არიან რუსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკების“ წარმოებასა და გავრცელებაში, ვაშინგტონის მიერ გაჩაღებული „ჰიბრიდული ომის“ პროპაგანდისტული „შეფარვის“ საქმეში.“

„სტოპ სიაში“ ასევე შედიან სამართალდამცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების ხელმძღვანელები და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.