უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

ფოტოილუსტრაცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.

ცენტრის ცნობით, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 600-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, - ვკითხულობთ ცნობაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, რომლის გაცნობაც აბიტურიენტს შეუძლია.