საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაუპატიმრებიათ საინტერნეტო შეტყობინებების აპლიკაციის, Telegram-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რუსული წარმომავლობის მილიარდერი პაველ დუროვი.
"Telegram-ის პრეზიდენტის საფრანგეთის მიწაზე დაპატიმრება იყო ნაწილი მიმდინარე სამართლებრივი გამოძიებისა", - წერს მაკრონი პლატფორმა X-ზე და დასძენს: "ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეთა საქმეა".
დუროვი ბურჟეს აეროპორტში, პარიზთან ახლოს, 24 აგვისტოს დააკავეს. 26 აგვისტოს ის კვლავ პატიმრობაშია, მას დაკითხვას უტარებენ.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, დუროვი 12 დანაშაულთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მათ შორისაა კიბერდანაშაულები, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარირების გარეშე.
25 აგვისტოს კომპანია Telegram-მა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ დუროვს "დასამალი არაფერი აქვს" და რომ კომპანია ელოდება "ვითარების სწრაფ გადაჭრას".
ასევე ნახეთ „ტელეგრამის“ ბნელი მხარე ასევე ნახეთ ასი შვილის მამა, ოთხი ქვეყნის მოქალაქე, ორი გიგანტის დამფუძნებელი - რა ვიცით საფრანგეთში დაკავებულ პაველ დუროვზე?