საქართველოს მთავრობამ დღეს, 26 აგვისტოს, რამდენიმე ელჩის გათავისუფლების განკარგულება გამოსცა. უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს ქვეყნის წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. პოსტს დატოვებენ ასევე საქართველოს წარმომადგენლები ნატოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში და სხვ.
- პირველი ოქტომბრიდან თანამდებობას დატოვებს ალექსანდრე მაისურაძე. ის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია;
- ამავე დღიდან რევაზ ლომინაძე აღარ იქნება შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
- ვიქტორ დოლიძეს ნატოში წარმომადგენლის უფლებამოსილება 21 სექტემბერს ამოეწურება;
- 15 ოქტომბრიდან თანამდებობას დატოვებს სოფიო ქაცარავა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. ის არის ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაშიც.
ერთ დღეს ოთხი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების უფლებამოსილების ვადის ამოწურვით ხსნის.