16 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".
მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე“ მიულოცა.
„2008 წლის 26 აგვისტო ისტორიის ახალი ეტაპის საწყისი გახდა ჩვენდამი ძმური აფხაზი ხალხისთვის. გასული 16 წლის განმავლობაში, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. დღეს ყველა პირობაა შექმნილი რესპუბლიკის მცხოვრებთა კეთილდღეობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ტრადიციულად ნდობის მაღალი დონე ყოველმხრივ წვლილს შეიტანს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განმტკიცებაში, ჩვენი ხალხების მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში“, - ნათქვამია მილოცვაში.
მედვედევმა ბჟანიას ჯანმრთელობა და პროფესიული წარმატებები უსურვა, აფხაზებს კი - ბედნიერება და კეთილდღეობა.
ღონისძიებები ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერებმა ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი, ასევე პირველი და მეორე ე.წ. პრეზიდენტების, ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის, საფლავები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „რუსეთის ელჩი“ მიხაილ შურგალინი, რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ახსარ ჯიოევი.
განცხადება გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ამ საბედისწერო გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, უზრუნველყო აფხაზეთის რესპუბლიკისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, ეს მოვლენა იქცა აფხაზი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კულმინაციად, რომელმაც აღადგინა ისტორიული სამართლიანობა. გასულ წლებში სოხუმსა და მოსკოვს შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის კარგ ტრადიციებზე დაფუძნებულმა ურთიერთობამ მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის დონეს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოთა საქმიანობის ყველა შესაძლო სფეროს“.
ბასტას კონცერტი
დღეს სოხუმში, „დინამოს“ სტადიონზე, რუსი რეპერის, ბასტას კონცერტი გაიმართება. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის არაოფიციალური დასაწყისია, ვინაიდან კონცერტზე მოხვედრა მხოლოდ „პრეზიდენტის მოსაწვევითაა“ შესაძლებელი.
ტელეგრამის არხები წერენ, რომ კონცერტის ჩასატარებლად „აფხაზეთის ბიუჯეტიდან“ 20 მლნ რუბლი (220 ათასი აშშ დოლარი ) გამოყვეს. თუმცა ე.წ. კულტურის სამინისტროს თანახმად, „კონცერტის ორგანიზება შესაძლებელი გახდა რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის ფარგლებში და აფხაზეთის ბიუჯეტიდან არაფერი იხარჯება“.
რეპერი ბასტა (ვასილი ვაკულენკო) 2023 წელს უკრაინის მიერაა სანქცირებული, უკრაინაში მისი აქტივები დაყადაღებულია და ეკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილება, ეკრძალება ვიზების მიღება 10 წლის განმავლობაში.
უკრაინულ ვებსაიტ „მშვიდობისმყოფელზე“ აღნიშნულია, რომ ვაკულენკო რუსეთის უკრაინაში შეჭრას საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს, „თანამონაწილეა რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებისა უკრაინის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
ღონისძიებები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში
ცხინვალში ყვავილებით შეამკეს "რესპუბლიკის" დამცველთა მემორიალური კომპლექსი. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ცხინვალში ჩავიდა რუსეთის დუმის დელეგაცია - დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყაზბეკ ტაისაევი, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე თაიმურაზ ტუსკაევი და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე რუსლანბეკ იკაევი.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ „მიღწეულია ინტეგრაციის დონე, როდესაც სამხრეთი ოსეთი იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან ერთ სივრცეში, როგორც რუსული სამყაროს განუყოფელი ნაწილი“. მანვე დაამატა, რომ „სამხრეთი ოსეთი საკმაო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს“.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო, პოლიტიკოსები და საზოგადოება, ადრე თუ გვიან შეიგნებს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული რევანშისტული გეგმების უპერსპექტივობას“, - თქვა გაგლოევმა.
ის დღეს დმიტრი მედვედევსაც ესაუბრა ტელეფონით. მედვედევის თქმით, 16 წლის განმავლობაში „სამხრეთმა ოსეთმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის და დემოკრატიის გამტკიცებაში“.
"მინდა დაგარწმუნოთ, ალან ედუარდოვიჩ, რომ რუსეთი განაგრძობს რესპუბლიკის ყოველმხრივ დახმარებას და მხარდაჭერას“, - თქვა მან.
- საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გააუქმეს.
- ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარებენ ერთმანეთის "დამოუკიდებლობას", მათ "დამოუკიდებლობას" ცნობს მოლდოვის არაღიარებული რესპუბლიკა დნესტრისპირეთი. არსებობა შეწყვიტა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ, რომელიც ასევე აღიარებდა საქართველოს ორი ოკუპირებული რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობას.