რუსეთის ძალებმა ახალი დარტყმები განახორციელეს სუმის ოლქზე

რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგი. უკრაინა, სუმი. 2024 წლის 17 აგვისტო

რუსეთის ძალებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ქალაქ სუმის შემოგარენზე, დარტყმის ქვეშ მოექცა კერძო საცხოვრებელი სექტორი და ერთი მრავალბინიანი სახლი - იუწყებიან სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციიდან.

ამ ცნობების თანახმად, არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათი ზუსტი რიცხვი დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საჰაერო იერიშების შესახებ განცხადებას არ აკეთებს.

უკრაინის სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის რეგიონს, სადაც 6 აგვისტოს შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. ამ ოპერაციის ერთ-ერთ მიზნად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასახელებს სწორედ სუმის ოლქის დაცვას რუსეთის თავდასხმებისგან.

თუმცა უკრაინის არმიის კურსკის რეგიონში შესვლის შემდეგ, სუმის ოლქში სროლის ინტენსივობა არ შემცირებულა.

სუმის ადმინისტრაციამ 23 დასახლებული პუნქტის მობინადრეთა სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა. ეს, საერთო ჯამში, დაახლოებით 6000-მდე ადამიანს მოიცავს.

ასევე ნახეთ იარაღის საწყობში აფეთქებების გამო ვორონეჟის რეგიონში 600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები