უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს ფორმულით "115 - 115-ზე", ამის შესახებ უწყებიან უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ქვეყანაში დაბრუნდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ტყვედ კურსკის რეგიონში აიყვანეს. უკრაინას გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები, რომელთა დაკავების დეტალებს რუსეთი არ აკონკრეტებს.
რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვა იუწყება, რომ რუსეთმა დაიბრუნა 115 სამხედრო. მანამდე ამ ცნობას ავრცელებდნენ რუსი სამხედრო ბლოგერები.
გაცვლის შემდეგ რუსეთის სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე გაიგზავნენ.
ტყვეობიდან უკრაინელი სამხედროების დაბრუნებაზე გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ - მისი თქმით, გაცვლის შედეგად უკრაინას დაუბრუნდნენ ეროვნული გვარდიის მებრძოლები, შეიარაღებული ძალების სამხედროები, მესაზღვრეები.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაბრუნებული სამხედროები ტყვედ აიყვანეს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე.
გაცვლის ოპერაციის შუამავალი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ესაა კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეთა გაცვლის პირველი ოპერაცია, რომელიც შედგა კურსკის რეგიონში უკრაინის ძალების მოულოდნელი შეჭრის შემდეგ. უკრაინელთა ოპერაციის პირველ დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტყვედ აიყვანეს ათობით რუსი სამხედრო. იმავეს იუწყებოდა რუსეთის მხარე უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებზე.
ასევე ნახეთ უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ