კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ „ჯეოქეისთან“ ითანამშრომლებს

კოალიციის, „ძლიერი საქართველოსთვის“ და ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ წევრები

პარტია „ლელოს“ შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისთან“ ითანამშრომლებს. ინფორმაციას ავრცელებს კოალიციის პრესსამსახური. 

„ერთად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ამისთვის კოალიცია „ძლიერი საქართველო“, რა თქმა უნდა, მზად არის ითანამშრომლოს იმ ჯგუფებთან, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა სწრაფად!“ - ამბობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ამავე პარტიის კიდევ ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აღნიშნავს, რომ „ჯეოქეისთან“ და ვიქტორ ყიფიანთან დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო გახდება“.

რადიო თავისუფლება ცდილობდა „ჯეოქეისის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებას. მათი პასუხი, მიღების შემთხვევაში, ტექსტში აისახება.

„ჯეოქეისი“ და მისი ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი საზოგადოების ფართო წრეებმა წლების წინ გაიცნეს, როცა ეს ანალიტიკური ცენტრი იცავდა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და მის პოზიციას მედიაში გამოხატავდა. "ჯეოქეისის" ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე ცნობილი გახდა მოგვიანებით, როცა ამის შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.