პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების შემდეგ ლოგიკური იქნება, გაუქმდეს ამ პარტიის სახელით მიღებული საპარლამენტო მანდატები.
„მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა. ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება“, - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკას, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ერთპარტიული იქნება, პრემიერმა ასე უპასუხა:
„პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი...
არაფერი არ ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთნაირი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში...“
მოგვიანებით მან დააკონკრეტა, რომ "კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგულისხმებიან: „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად არჩევნებში მონაწილე სხვა ჯგუფები („სტრატეგია აღმაშენებელი“), „ახალი“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“.
2023 წლის 19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პრორუსული პარტია „შორი“. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ პარტია მოქმედებდა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის მოქმედ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმეს, ისინი მუშაობას აგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.
მმართველი პარტიის („მოქმედება და სოლიდარობა“) გარდა, მოლდოვის პარლამენტში წარმოდგენილი არიან კომუნისტებისა და სოციალისტების ოპოზიციური ბლოკი და დამოუკიდებელი დეპუტატები.
20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ოთხიდან პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება იყო.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება უნდამომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო.