ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვება დაადასტურა. თუმცა მედია იუწყება, რომ სასამართლოს კენჭისყრის დეტალები არ გამოუქვეყნებია და უცნობია, რას ემყარება გადაწყვეტილება.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, აქციების მონაწილეები ნიკოლას მადუროს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ნიკოლას მადუროზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო და სულ მცირე, 70%-ით გაიმარჯვა.
ნიკოლას მადურომ გაყალბება უარყო და საპროტესტო აქციებს უწოდა გადატრიალების მცდელობა, რომელსაც „ფაშისტური და კონტრრევოლუციური“ ძალები ახორციელებენ უცხო ქვეყნების მითითებით.
ედმუნდო გონსალესისა და ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს წინააღმდეგ საქმეა აღძრული, მათ რამდენიმე დანაშაულს ედავებიან, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა წაქეზებას დანაშაულის ჩადენისკენ იმის გამო, რომ თავდაცვის ძალებს არჩევნების შედეგების დაცვისკენ მოუწოდეს.
დასავლეთის ქვეყნები არჩევნების შედეგების სრულად გასაჯაროებას მოითხოვდნენ, არჩევნებში გამარჯვება მადუროს მიულოცეს რუსეთმა და ჩინეთმა.
კენჭისყრის დეტალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს აღიარებაზე უარი თქვეს ბრაზილიამ და კოლუმბიამაც. ამ ქვეყნების ლიდერებს მადუროს პოლიტიკურ მოძრაობასთან წლებია კავშირები აქვთ.
ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ მიიჩნევს ევროკავშირი.
არჩევნების მეთვალყურე საერთაშორისო მისიების შეფასებით, ივლისის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა მადურომ და სოციალისტურმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნეს.
2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.