მეგობრების ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დააკავეს აქტივისტი, მკვლევარი და ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი. მას 21 აგვისტოს საღამოდან ეძებდნენ.
ბაჰრუზ სამადოვის ერთ-ერთი მეგობარი სამად სიხი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახის ცნობით, პოლიციელებმა სამადოვის სახლი გაჩხრიკეს.
„ბაჰრუზის ბებიას ვესაუბრეთ. გვითხრა, რომ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ბაჰრუზი ჩვენ გვყავსო. ნარკოტიკებთან ფრთხილად იყავითო“, - ამბობს იგი.
მისი თქმით, სამადოვი სახლის ჩხრეკამდე უკვე დაკავებული ჰყავდათ; ვარაუდობს, რომ იგი ქუჩაში დააკავეს.
სამადოვის კიდევ ერთი მეგობარი აიხან ზაიეძადე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახის ინფორმაციით, ბაჰრუზ სამადოვი დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ღალატის“ ბრალდებით.
ზაიეძადე ასევე ამბობს, რომ სამადოვმა ოთხშაბათს 16:25 საათზე ერთი შეხედვით „ხუმრობით“ მისწერა, რომ ღალატის ბრალდებით იჭერდნენ.
არც ოჯახმა და არც მეგობრებმა არ იციან, რომელ განყოფილებაში ჰყავთ აქტივისტი გადაყვანილი.
მას ჯერჯერობით არ ჰყავს ადვოკატი.
ჯერჯერობით განცხადება ან ცნობა არც აზერბაიჯანის სამართალდამცავებს არ გაუვრცელებიათ და არც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს.
ბაჰრუზ სამადოვი ჩეხეთში, პრაღაში, ცხოვრობს და დროგამოშვებით სტუმრობს ბაქოს ოჯახის წევრების მოსანახულებლად.