მას სავარაუდოდ თაღლითი ესაუბრა.
ის რუსულად ლაპარაკობდა - რუსული ამ ოჯახში ყველამ კარგად იცის და უცხო ენაზე ზარი იმდენად არ გაჰკვირვებია, რამდენადაც პანიკამ მოიცვა შვილის გამო. მან იფიქრა რომ ევროპის იმ ქვეყნიდან ურეკავდნენ სადაც მისი ვაჟი მარტო ცხოვრობს და მის თავს დატეხილ უბედურებას ასე ატყობინებენ. საზღვარგარეთ მცხოვრებმა შვილმა მობილური ტელეფონის ზარებს არ უპასუხა - ნამდვილად რაღაც ცუდი ხდება, როგორ შეიძლება კარგად იყოს და ტელეფონზე არ უპასუხებდეს? ქალი ქალიშვილმა, ანასტასიამ, დაამშვიდა, აუხსნა რომ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები უცხოებისაგან რაიმე ცუდი ამბის შესახებ იღებენ ცრუ სატელეფონო შეტყობინებას.
ანასტასიას დედა ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომელიც სავარაუდოდ თაღლითური ზარის ადრესატი გახდა - ბოლო 20 დღის განმავლობაში თბილისში არაერთ ადამიანს დაურეკეს. ზარი მეტწილად ქალაქის ტელეფონზე შედის. ის ვინც რეკავს, ტირილით, რუსულად ატყობინებს გამოგონილ ისტორიას, ზოგჯერ საუბარი აქ მთავრდება, ზოგჯერ ფულსაც ითხოვს.
“სულ ორჯერ დარეკეს. პირველად ვითომ "დედამ" დაგვირეკა ტირილით რომ მანქანა დაეჯახა, როცა “წითელზე” გადადიოდა. მერე ყურმილი გადასცა ვიღაც ინსპექტორს, რომელიც რუსულად ლაპარაკობდა და მძღოლის ინტერესებს წარმოადგენდა - იმან მითხრა, რომ თუ ოპერაციის თანხას გადავიხდი, დედას არ უჩივლებდნენ. მაშინ ვიფიქრე რომ მძღოლი რუსია ამიტომაც მიმართა რუს ინსპექტორს. 20 000 $ მომთხოვეს და რადგან ასეთი თანხა არ მქონდა, პირველადი შესატანი 3000 მითხრეს. მერე მითხრეს რომ ფული მეშოვა და გადმომირეკავდნენ 15 წუთში. მე დავეჭვდი, ტაქსი გამოვიძახე და იმ კლინიკაში წავედი, სადაც “დედამ” მითხრა რომ “ავარიის” შემდეგ მოხვდა. სანამ გზაში ვიყავი მეორეჯერ დარეკეს, უკვე ჩხუბით და მუქარით. რესპუბლიკურში რომ მივედი, რომელიც დაკეტილი დამხვდა, დაცვამ მითხრა რომ ამ კვირაში მისული მეათე თუ მეთერთმეტე ადამიანი ვიყავი” - იხსენებს კრისტინა, რომელსაც ასევე 17 აგვისტოს დაურეკეს სახლის ტელეფონზე. Მას თავიდან ისიც კი ეგონა, რომ დედის ხმა ვიღაცამ ხელოვნური ინტელექტის ან რაიმე ტექნოლოგიური ხელსაწყოს საშუალებით მის წინააღმდეგ გამოიყენა - ქრისტინეს დედა რუსულენოვანია და როცა უცხო მას ოჯახის წევრად გაეცნო, იმდენად მიამსგავსა მისი ხმა დედას ხმას, ეჭვი არ შეჰპარვია რომ სხვა ადამიანს ელაპარაკებოდა, თუმცა როცა უკვე დამშვიდებული იხსენებს ამ ინცინდენტს, აგონდება რომ იმ დღეს ტელეფონს ჯერ ბებიამ უპასუხა, რომელმაც მას ტელეფონი უკვე იმ ინფორმაციით გადასცა, რომ დედას მანქანა დაეჯახა და სავარაუდოდ ამიტომ აღარ შეჰპარვია ეჭვი ხმის ავთენტიკურობაში.
კრისტინა საეჭვო სატელეფონო ზარის შემდეგ პოლიციაში არ წასულა, მაგრამ ფეისბუკის რამდენიმე ხალხმრავალ ჯგუფში დაწერა, ასეთი ამბავი გადამხდა თავს და ფრთხილად იყავითო. ამ პოსტების ქვეშ ათობით ადამიანი წერდა რომ მსგავსი გამოცდილება ან თვითონაც მიიღეს ამ დღეებში, ან იციან ადამიანი, ვისაც ასე დაურეკეს. ზოგი იმასაც ამბობს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს გამოძიებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ზოგი ამტკიცებს რომ პოლიციისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, დარეკეს და არავინ მივიდა მათ მიერ დატოვებულ შეტყობინებაზე.
ასევე ნახეთ ზარი 11 წლის ლილესთან, 16 წლის კესოსთან, 13 წლის გოგოსთან, 10 წლის ბიჭთან - რატომ რეკავენ ბავშვებთან?შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყება იძიებს შესაძლო თაღლითობის ფაქტს, სისხლის სამართლის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მეტ დეტალს, მათ შორის ვერც იმას, როდის გააკეთეს პირველი შეტყობინება უწყებაში მოქალაქეებმა უცნაური ზარების შესახებ და ვერც იმას, რამდენი მოქალაქის შემთხვევას აერთიანებს მიმდინარე გამოძიება, ვერ გვეტყვიან.
"პოლიციაში არ მივსულვარ, მაგრამ სილკნეტიდან ამონაწერი გამოვითხოვე, ნომერი გადავამოწმე და მოსკოვში რეგისტრირებული ტელეფონი აღმოჩნდა” - ეუბნება რადიო თავისუფლებას უცნაური წარმომავლობის ზარების კიდევ ერთი სამიზნე, ნანა თედორაძე. Მას 5 აგვისტოს პატარა ბავშვმა დაურეკა როგორც დედას და უთხრა, რომ ავარიაში მოყვა. Ნანამ ბავშვს უთხრა, რაღაც გეშლებათ, მე თქვენი დედა არ ვარო და ტელეფონი გათიშა, თუმცა ფიქრობს რომ ამ ზარის საბოლოო მიზანი შეიძლება ფულის გამოძალვა ყოფილიყო.
რადიო თავისუფლებამ სილკნეტის პრესსამსახურში იკითხა, არიან თუ არა ინფორმირებული მათ აბონენტებთან მომრავლებული საეჭვო ზარების შესახებ - რამდენიმე საათში კომპანიამ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
“ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა თაღლითური სატელეფონო ზარები ფიქსირებული ქსელის ნომრებზე. მოქალაქეებს ატყობინებენ ახლობლების შესახებ ცრუ ინფორმაციას, რასაც თანხის გამოძალვისთვის იყენებენ.
ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ სიფრთხილე და მსგავსი შინაარსის ზარების მიღებისას, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია” - ეწერა სილკნეტის განცხადებაში. დამატებით კითხვებს, შევიდა თუ არა კომპანიაში შეტყობინებები მომხმარებლების მხრიდან და რამდენად მასშტაბურია ეს ზარები, სილკნეტი არ უპასუხებს.
რადიო თავისუფლება ათზე მეტ ადამიანს ელაპარაკა, ვინც ამტკიცებს, რომ მათ ან მათმა ოჯახის წევრმა მათი თანდასწრებით მიიღეს საეჭვო სატელეფონო ზარი - მათთან საუბრით რამდენიმე ტენდენცია იკვეთება:
- ადამიანები, ვისთანაც რეკავენ, ძირითადად კარგად ფლობენ რუსულ ენას, შესაძლოა აქვთ რუსეთში მოგზაურობის ისტორია ან ჰყავთ ოჯახის წევრი რუსეთის ფედერაციაში. არიან გამონაკლისებიც.
- არც ერთი ის ანგარიში, რომელიც ამტკიცებს დახურულ ჯგუფებში რომ თაღლითების მსხვერპლი გახდა და ზარის შემდეგ თანხა გადაურიცხა უცხო ადამიანებს, ავთენტიკური პროფილი არ არის და ყველა მათგანი ყალბი ანგარიშის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- ცრუ სატელეფონო შეტყობინებების სამიზნე ძირითადად მოხუცები არიან - სახლის ტელეფონის ძირითადი მომხმარებლებიც ხანდაზმულები არიან.
ამგვარი თაღლითური ქსელები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურდება - მათგან თავის დაცვაში მარტივი წესები დაგეხმარებათ:
- არ გასცეთ უცხო პირებზე თქვენი პირადი მონაცემები, მათ შორის ოჯახის წევრების გვარები და სახელები, საცხოვრებლის ან სამსახურის მისამართები, საბანკო მონაცემები.
- დასვით მეტი კითხვა ამბის სისწორის გადასამოწმებლად.
- თუკი საეჭვო სატელეფონო შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე იღებთ და მას თან ახლავს რაიმე ბმული, ამ ბმულზე არ გადახვიდეთ - დიდია შანსი ფიშინგის მსხვერპლები იყოთ.
- გააფრთხილეთ ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბავშვები და მოხუცები რომ სიფრთხილე გამოიჩინონ უცხო ნომრებთან და გაურკვეველი წარმოშობის ზარებთან.
- საეჭვო შემთხვევებში მიმართეთ სამართალდამცველებს, თუკი ეჭვი გაქვთ რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კანონდარღვევით მოხვდა თაღლითების ხელში, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს.
- თუკი მოახერხებთ და საეჭვო ზარის ავტორთან საუბარს ჩაიწერთ, ეს შეიძლება მტკიცებულებად გამოგადგეთ გამოძიებისთვის.