არჩევნების დღეს საქართველოში არ ვარ - მაინც შემიძლია ხმის მიცემა?  

როგორ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ?

ევროპაში, აშშ-სა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც საქართველო საარჩევნო უბანს გახსნის, არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ დადგებით საკონსულო აღრიცხვაზე. მარტივად რომ ვთქვათ, დარეგისტრირდებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ?

  • საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად განაცხადი კეთდება ელექტრონულად, ან უნდა მიხვიდეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში;
  • საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად აუცილებელია ანკეტის შევსების დროს იყოთ იმავე ქვეყანაში, სადაც ხმის მიცემა გსურთ. ელექტრონული განაცხადების შემთხვევაში გაითვალისწინებენ IP-მისამართებს, რომლებითაც გაირკვევა, რომელი ქვეყნიდან გაკეთდა განაცხადი.
    ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

რამდენი დღით ადრე უნდა დადგეთ აღრიცხვაზე?

განაცხადი უნდა შეავსოთ 7 ოქტომბრამდე (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა). მოგვიანებით შესული განაცხადები არ დაკმაყოფილდება. განაცხადის შევსებისთვის ფულის გადახდა არ მოგიწევთ.

პირველ რიგში რა უნდა გააკეთოთ საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად?

პირველ რიგში, უნდა მოძებნოთ საკონსულოს მისამართი, სადაც განაცხადი უნდა შეავსოთ. ამისთვის უნდა შეხვიდეთ საკონსულოს ვებგვერდზე და აირჩიოთ ქვეყანა (დააწკაპუნეთ აქ).

კონკრეტული წარმომადგენლობის არჩევის შემდეგ გამოჩნდება მისამართი, სამუშაო საათების შესახებ მონაცემები და ტელეფონის ნომერი. არ დაგავიწყდეთ საკონსულოში ვიზიტის წინასწარ დანიშვნა.

ასევე ნახეთ არავინ არ მომწონს - რა მოხდება, თუ ბიულეტენში ყველას გადავხაზავ? 

რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტებია:

  • ანკეტა;
  • ნებისმიერი დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ განაცხადს ავსებს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ადამიანი;
  • თუ საკონსულოში თქვენ ნაცვლად სხვა ადამიანი მივა, აუცილებელია, მას ჰქონდეს მინდობილობა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ შემთხვევაშიც თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ იმ ქვეყანაში, სადაც გსურთ რეგისტრაცია);
  • უმჯობესია (სავალდებულო არ არის) მიიტანოთ ფოტო და უცხო ქვეყანაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკონსულოში მისვლით რეგისტრაცია გამორიცხავს უზუსტობების დაშვებას. მაგრამ თუ ვერ ახერხებთ მისვლას, შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად (დააჭირეთ აქ), შემდეგ ირჩევთ ქვეყანას და წარმომადგენლობას, აჭერთ ღილაკს „შემდეგი“ და იწყებთ მონაცემების შეყვანას.

ასევე ნახეთ ვთქვათ, საარჩევნო ბიულეტენი გამიფუჭდა, როგორ მოვიქცე?

სად შემიძლია გადავამოწმო, ვარ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ არა მხოლოდ ის, ხართ თუ არა რეგისტრირებული რომელიმე საკონსულოში, არამედ ასევე გაიგოთ, რა მისამართზე მისცემთ ხმას (დააჭირეთ აქ).

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ