რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კურსკის ოლქის შვიდ მუნიციპალიტეტში დეპუტატების არჩევნები გადადო ოლქის ტერიტორიაზე ბრძოლების გამო.
არჩევნები გადაიდო მათ შორის გლუშკოვოს, კორენევოსა და სუჯის რაიონებში, ასევე ქალაქ ლგოვში.
„არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი აღდგება ამომრჩეველთა უსაფრთხოების სრული გარანტიით“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. როდის მოხდება ეს, არ არის მითითებული.
მანამდე „ვიორსტკა“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ „ტერიტორიული გაურკვევლობის გამო“ ცენტრალური საარჩევნო კომისია კურსკის ოლქში მუნიციპალური არჩევნების 2025 წლისთვის გადადებას გეგმავს.
ასევე ნახეთ ორი კვირა კურსკში: რა მიზანი აქვს უკრაინას რუსეთში სამი ხიდის აფეთქების შემდეგკურსკის ოლქის გუბერნატორის არჩევნები ჯერჯერობით გეგმის მიხედვით ჩატარდება. გუშინ, 20 აგვისტოს, საუბნო საარჩევნო კომისიამ გუბერნატორის არჩევნებზე ვადამდელი ხმის მიცემა დაუშვა 28 აგვისტოდან.
გუბერნატორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, წერს, რომ კენჭისყრა „ჩატარდება უკიდურესად რთულ ვითარებაში“ და რომ ამომრჩეველთა მხარდაჭერა მისთვის „უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“.
უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ იქ ბრძოლები გაგრძელდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იმყოფება ათობით დასახლებული პუნქტი და რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი.
რეგიონში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ მისი ნაწილი საკუთარ სახლებში რჩება.
უახლესი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად კურსკის რეგიონში 31 ადამიანი დაიღუპა და 143 დაშავდა.