ავტორი: გიორგი ლაბაძე
როგორც საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი რესპუბლიკისთვის, საქართველოსთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა შეერთებულ შტატებთან ჯერ სტაბილური კომუნიკაციის, ხოლო შემდგომში, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. საქართველო ამას 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მწყობრად და ნაბიჯნაბიჯ ცდილობდა. ამის მაგალითი იყო ზვიად გამსახურდიას შეხვედრა 1991 წლის 17 მარტს მოსკოვში, ხოლო შემდგომში, თბილისში 37-ე პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი 29-31 მარტს.
პირველი პრეზიდენტის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ჩამოყალიბების სურვილს ადასტურებს 1991 წლის ზაფხულის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დოკუმენტი, რომელიც დეკლასიფიცირებულ იქნა 2010 წლის 27 ივლისს. დოკუმენტის მიხედვით, „გამსახურდიასა და მის გარემოცვას შეერთებულ შტატებში მოგზაურობისა და პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრის იმედი ჰქონდა ივნისის მიწურილისათვის. უახლესი ანგარიშებით, ისინი იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონში შემოდგომისთვის მაინც შეძლებენ ჩამოსვლას.“[1] საინტერესოა, რომ იმავე დოკუმენტი ღიად და ცალსახად მიუთითებს, რომ „მისი ოპონენტები შეერთებულ შტატებში შესაძლო ვიზიტის გეგმებით აღშფოთებულნი არიან.“[2] ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები თუ წყაროები სავსებით ნათელს ხდის გარემოებას, რომ პრეზიდენტი გამსახურდია თავის უახლოეს გეგმებში განხილავდა შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება დროულ დაახლოებას და მისგან მხარდაჭერის მიღების მცდელობას. თუმცა, ვითარება დიდწილად შეცვალა მოსკოვში, აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა.
1991 წლის 19 აგვისტოს, პრეზიდენტი ბუში მენის შტატში მდებარე თავის აგარაკზე ისვენებდა, როცა მოსკოვში გადატრიალების მცდელობის (მოსკოვის პუტჩი) შესახებ შეიტყო. ბუში საბჭოთა კავშირის რეფორმირებას და მიხეილ გორბაჩოვის მხადაჭერას საკმაოდ დიდ ენერგიას უთმობდა, ამიტომ, მას აღელვების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, რაც მის დაუგეგმავ და უცაბედ მედიისთვის მიცემულ კომენტარშიც აისახა. პირველივე წინადადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს ქმედებები ექსტრაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის ჩარჩოთი დადგენილ მთავრობის ცვლილების ნომრებს ცალსახად სცდება. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ძალიან შემზარავ პროცესთან, რამაც, შესაძლოა, როგორც საბჭოთა კავშირის საზოგადოება, ასევე მისი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ძლიერ დააზიანოს.“
ბუშმა ღიად დაუჭირა მხარი მიხეილ გორბაჩოვს, ხაზი გაუსვა მის როლს საბჭოთა კავშირში მიმდინარე ცვლილებებისა და პროგრესისთვის და აღნიშნა, რომ „ამერიკას არ სურს ამ მხრივ რაიმე შეიცვალოს“.[3] მსგავსი იყო მთლიანად დასავლეთის, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების რეაქციებიც.[4] იმავე დღეებში, თავისი პოზიცია გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამაც. 1991 წლის 20 აგვისტოს ზვიად გამსახურდიამ სპეციალური მიმართვა გაუგზავნა დასავლეთის ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს: „პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, – „ძალიან რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები“.
ქართველი მკვლევარების მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ აგვისტოს მოვლენები შეაფასა როგორც გადატრიალება. თუმცა, მან ირიბად მიანიშნა, რომ ეს იყო არა „ნამდვილი გადატრიალება“, ანუ რეალური დაპირისპირება რეაქციულ-ტოტალიტარულ და ლიბერალურ-დემოკრატიულ ძალებს შორის, არამედ ე.წ. „სასახლის გადატრიალება“, ნომენკლატურული პუტჩი, რომლის არსებითი დანიშნულება იმპერიულ ცენტრში ელიტების ჩანაცვლებაში მდგომარეობდა.[5]
აგვისტოს მოვლენების იმ დროისათვის ასეთი არაკონვენციური თუ არაპოპულარული დეფიცინია, რადგანაც იგი არადიპლომატიური პირდაპირობით გამოირჩეოდა, როგორც მოსკოვის, ისე დასავლეთის ქვეყნებისა და მათი ლიდერებისათვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რასაც, მათი მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. როგორც ჩანს, იმ დროისთვის, დასავლეთის ურთიერთობა გორბაჩოვთან იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, რომ ამ უკანასკნელის არაკონსტიტუციური პუტჩის შესაძლო თანაავტორად მოხსენიება, არ შეიძლებოდა შესულიყო მათ გეგმებში. სწორედ ეს გამოიხატა ბუშის კომენტარში გამსახურდიას წერილის პასუხად, რომელიც, აშშ-ის პრეზიდენტმა 21 აგვისტოს, თავის აგარაკზე ყოფნისას მედიას მისცა.
ბუშმა შესავლით დაიწყო, რომ იგი ესაუბრა გორბაჩოვს, რომელიც ჯერ კიდევ ყირიმში იყო, თუმცა მალე აპირებდა მოსკოვში დაბრუნებას და აღნიშნავდა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გორბაჩოვის აზრით, კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია და დემოკრატიამ, თავისუფლებამ და რეფორმებმა გაიმარჯვა. ამ საკმაოდ ცნობილ კომენტარში, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა დროს განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცა, ჟურნალისტი პრეზიდენტ ბუშს ასეთი კითხვით მიმართავს: „სულ ახლახანს CNN-ზე გავიდა სიახლე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერ ამის მოწყობაში გორბაჩოვს ადანაშაულებს.“ ჯორჯ ბუშმა მას კითხვა ბოლომდე არც დაასრულებინა და ისე უპასუხა: „მას ცოტა არ იყოს სამუშაო აქვს იმის თაობაზე, თუ რა სახის განცხადებებს აკეთებს. ეს სასაცილოა. ეს ის კაცია, რომელიც, ჩემი აზრით აშკარად მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. მას უფრო მეტი დაფიქრება და კარგად გააზრება მართებს, თუ რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში.“
აქვე ჯორჯ ბუშმა დაამატა, რომ პრეზიდენტი გორბაჩოვი ასეთი სახის გადატრიალების მცდელობით საბჭოთა და მსოფლიოს ხალხებს ასეთ მძიმე ტრავმას არ მიაყენებდა.[6] ზოგადად, აგვისტოს გადატრიალების მცდელობამ საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენები ძალიან მალე რადიკალურად შეცვალა. ეროვნული გვარდიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფად გარდაქმნამ თავდაცვის მინისტრ კიტოვანის პროტესტი და პრეზიდენტთან აშკარა კონფრონტაციაში შესვლა გამოიწვია, რასაც, 1991 წლის ბოლომდე უმძიმესი კრიზისი და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობაც მოჰყვა თან. სამწუხაროდ, ამ პროცესში, რომელიც არაერთი კომენტატორისა თუ მოვლენების უშუალოდ მონაწილის მოსაზრებით უშუალოდ კრემლის მხრიდან იყო ინსცენირებული, ზვიად გამსახურდიას, დასავლეთისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღარ ჰქონია.
დღეის მდგომარეობით, მკლევარებისთვის ხელმისაწვდომია 1991 წლის 12 დეკემბრის ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერის მიმართ. იგი დაწერილია „შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დემარშის პასუხად საქართველოს ზოგადი პოლიტიკური და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების თაობაზე“. წერილში მითითებულია, რომ საქართველოში მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და აღწერილია ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რომელსაც, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება მოიხსენიებს, როგორც პოლიტიკურ და არა ეთნიკურ დაპირისპირებას. აქ წერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ინფორმაცია შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოპოზიციას შორის დამყარებული ურთიერთობის შესახებ. ამაზე, გამსახურდიას მხარე მიუთითებს, „როგორც ყველა დემოკრატიულ ერს, საქართველოშიც არსებობს კანონიერი საპარლამენტო ოპოზიცია, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოშიც და მედიაშიც თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოთქმა. თუმცა, კრიმინალთა იმ ჯგუფს, რომელიც შეიარაღებულია, არ აღიარებს რესპუბლიკის კონსტიტუციას და არც პოლიტიკურ გაერთიანებად რეგისტრირდება, ოპოზიციას ვერ მივაკუთვნებთ.“
იქვე წერილი ხაზს უსვამს ორი პიროვნების დაკავების ფაქტსაც, რომლებსაც არა პოლიტიკური შეხედულების, არამედ მასობრივი არეულობისა და შეიარაღებული შეტაკების ორგანიზებაში ედებათ ბრალი. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს თუ სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს თანამშრომლობას სთავაზობს ნებისმიერი პრობლემის განსახილველად, თუმცა, მანამდე მიუთითებს, რომ „მათი მოთხოვნები საქართველოს ობიექტურ რეალობასთან მიმართებით არაადეკვატურია და იდენტურია ე.წ. დემოკრატიული რუსეთისა, რომელსაც დასათმობად არ ემეტება იმპერიული ამბიციები.[7]
ჯერჯერობით, ამ პერიოდის სხვა კონფიდენციალური დოკუმენტების დეკლასიფიცირება არ მომხდარა, რაც დაუდგენელს ტოვებს ამერიკელების რეაქციას ამ საკმაოდ ხისტ მიმართვაზე, თუმცა ფაქტი, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების გადარჩენა შეუძლებელი გახდა და გამსახურდიას მთავრობასაც დასავლეთიდან აღარავინ დახმარებია, უკვე ბევრზე მეტყველებს.
გამსახურდიას პრეზიდენტობის ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი 1991 წლის 22 დეკემბერია, როდესაც ანტისამთავრობო, შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ პირდაპირი იერიში მიიტანეს და ქვეყნის მართვის ჩვეულებრივი პროცესი ჯერ შეაფერხეს, შემდგომში კი, საერთოდაც ჩიხში შეიყვანეს. ამიტომ, პრეზიდენტ გამსახურდიას, 1991 წლის 25 დეკემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშის საშობაო მიმართვის[8] მოსმენა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობასაც აღიარებდა, მთავრობის სახლის სასადილოში (და არა ბუნკერში, ავტ.) მოუწია.
იმავე გამოსვლაში, ბუშმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სხვა ხუთ სახელმწიფოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მას შემდეგ დაამყარებდა, რაც ისინი დამაკმაყოფილებელ უსაფრთხოების პოლიტიკასა და დემოკრატიულ პრიციპებს აღასრულებდნენ.
ამდენად, სწორედ იმ დღეებში, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მზეს ერთი შეხედვით ამოსვლა უნდა დაეწყო, იგი პირიქით, უკან ჩასვენებისკენ იღებდა გეზს. სწორედ ამიტომ, როგორც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 27 დეკემბრის გამოცემა მოქალაქეებს ამცნობდა, პრეზიდენტმა „პარლამენტის დამცველებს“ მიულოცა ეს გამარჯვება და მოკლე სიტყვით მიმართა მათ.[9] ეს მომენტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ბოლო ეპიზოდია ზვიად გამსახურდიას საქართველოში ყოფნის პირობებში.
[1] https://idfi.ge/en/documents_from_cia
[2] https://idfi.ge/en/documents_from_cia
[3] https://www.c-span.org/video/?20705-1/statement-soviet-coup
[4] https://www.upi.com/Archives/1991/08/19/World-reacts-with-shock-to-Gorbachev-ouster/5234533009911/
[6] https://www.c-span.org/video/?20779-1/failed-coup-soviet-union
[7]https://idfi.ge/en/the_letter_of_president_of_georgia_zviad_gamsakhurdia_to_us_secretary_of_state_james_baker
[8] https://www.c-span.org/video/?23549-1/address-gorbachev-resignation
[9] https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/8308/1/SakartvelosRespublika_1991_N253.pdf