„სალომე ზურაბიშვილიც არის, სამწუხაროდ, იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“.
საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევში მიიწვია „ყირიმის პლატფორმის“ მე-4 სამიტზე, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართება.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ საქართველოს მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის 14 ივნისს თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მეორე ფრონტის“ საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს.
„მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად უყურებს ეკრანებთან, თუ რა ხდება უკრაინაში და ვუთხრათ, რომ შენი არჩევანი არის ან ეს შენც მოგივიდეს, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო...
ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია", - თქვა ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება "მეორე ფრონტის" საკითხს ყურადღების გადასატანად იყენებს