ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის "უკანასკნელ შანსზე" ლაპარაკობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. იერუსალიმი, 27 მარტი, 2022.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც კვირას ისრაელში ჩავიდა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს „გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა. მისი თქმით, ეს „შესაძლოა, იყოს საუკეთესო და იქნებ უკანასკნელი შესაძლებლობა“, რათა მიაღწიონ მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებული ჰყავს ჰამასს (პალესტინელთა რადიკალურ ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად არის აღიარებული).

ასევე ნახეთ ბლინკენი ისრაელში ჩადის, აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

ისრაელის პრეზიდენტ იცჰაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, თავიდან აიცილოს კონფლიქტის რეგიონული ესკალაცია, განსაკუთრებით ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის შიშის ფონზე, ივლისში თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.

ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ ეს ბლინკენის მეცხრე მისიაა ახლო აღმოსავლეთში. ორშაბათს დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან. სამშაბათს ის გაემგზავრება ეგვიპტეში, სადაც, შუამავალი ქვეყნების თქმით, მიმართავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის უკანასკნელ მცდელობას.

ასევე ნახეთ რამდენი პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორში?

შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მოიცავს სამეტაპიან პროცესს, რომლის დროსაც ჰამასი გაათავისუფლებს 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილ ყველა მძევალს. სანაცვლოდ, ისრაელი გაიყვანს ძალებს ღაზის სექტორიდან და გაათავისუფლებს პალესტინელ ტყვეებს. მანამდე აშშ-მა წარმოადგინა წინადადებები ისრაელისა და ჰამასის პოზიციებს შორის დარჩენილი განსხვავებების აღმოსაფხვრელად.

თუმცა, dpa კვირას იტყობინებოდა, რომ ჰამასის ხელმძღვანელობამ უარყო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინადადებები. ცნობის თანახმად, ისლამისტების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ისრაელის მხარის სავარაუდო ახალ მოთხოვნებზე. ცნობილია, რომ ჰამასი, კერძოდ, არ იყო კმაყოფილი ისრაელის განზრახვით, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა ღაზის სექტორის რამდენიმე პუნქტში, მათ შორის ფილადელფიის დერეფანში, რომელიც სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე გადის.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი მზად არის გამოიჩინოს გარკვეული მოქნილობა, ამას აქვს საზღვრები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. „ჩვენ არ ვნებდებით,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს მეომარ მხარეებს შორის ორმხრივი პრეტენზიების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.