WSJ: ისრაელმა ჰაკერების დახმარებით მოკლა ჰეზბოლას მეთაური ფუად შუქრი

პლაკატი ფუად შუქრის ფოტოთი. ბეირუთი. 2 აგვისტო, 2024 წელი

ისრაელმა ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაურის, ფუად შუქრის მოკვლა მოახერხა სადაზვერვო სამსახურების მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისა და ჰაკერების დახმარებით, რომელთაც ორგანიზაციის შიდა საკომუნიკაციო ქსელი გატეხეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

გაზეთი წერს, რომ 30 ივლისს, საღამოს, რადიკალური ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური ფუად შუქრი ბეირუთში, თავის ოფისში, საცხოვრებელი შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდა. მას დაურეკეს თხოვნით, რომ მეშვიდე სართულზე, თავის ბინაში ასულიყო.

The Wall Street Journal-ის თანამოსაუბრემ ახსნა, რომ ჰეზბოლას წევრი გაიტყუეს ბინაში, ხუთი სართულით ზემოთ, რათა გაეადვილებინათ დარტყმა შენობაზე, რომელიც სხვა შენობებს შორის დგას. როცა შუქრი ბინაში ავიდა, მას ისრაელის არმიამ დაარტყა. ჰეზბოლას მეთაურის გარდა, დაიღუპნენ მისი ცოლი, კიდევ ორი ქალი, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, და ორი ბავშვი.

შუქრი ითვლებოდა ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მარჯვენა ხელად და მის მრჩევლად სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში. შუქრი ორგანიზაციას 1985 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მთელი რიგი ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.

შუქრის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისრაელმა აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალები თვლიან, რომ მან მიიღო მაჯალ-შამსზე, გოლანის მაღლობებზე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს, სარაკეტო თავდასხმის გადაწყვეტილება. მაშინ 12 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ბავშვები, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ჰეზბოლა უარყოფს თავის მონაწილეობას ამ თავდასხმაში.

შუქრის სიკვდილის მეორე დღეს, 31 ივლისს, თეირანში მოკლეს ისმაილ ჰანიე, პალესტინური დაჯგუფების, ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული აშშ-სა და ევროკავშირში. ჰანიეს მკვლელობაში მონაწილეობა ისრაელს არ უღიარებია.

შუქრისა და ჰანიეს მკვლელობების შემდეგ, ირანი და ჰეზბოლა ისრაელს საპასუხო დარტყმით დაემუქრნენ, თუმცა აქამდე თავდასხმის მცდელობები არ ყოფილა.

ასევე ნახეთ ერთი ღამე, ორი მკვლელობა: რა შეიძლება მოჰყვეს ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერების მკვლელობას