ლიბანის სამხრეთში გაეროს სამშვიდობო ძალების სამი წარმომადგენელი დაშავდა

ისრაელის და ლიბანის საზღვართან. კვამლი კფარ-კილაში. 6 აგვისტო, 2024 წელი

გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა ლიბანის სამხრეთში, როცა მათ მანქანასთან აფეთქება მოხდა სოფელ იარინთან.

მისიის პრესმდივნის, ანდრეა ტენენტის თანახმად, მათი ავტომანქანა მკაფიოდ იყო აღნიშნული გაეროს ნიშნით.

ტენენტის თქმით, „პატრულის შემადგენლობაში მყოფი სამშვიდობო ძალების ყველა წარმომადგენელი უსაფრთხოდ დაბრუნდა თავიანთ ბაზაზე.“ მას აფეთქების დეტალებზე არაფერი უთქვამს.

„ინციდენტს ვიძიებთ. ყველა მხარეს და მონაწილეს დაბეჯითებით შევახსენებთ მათი პასუხისმგებლობის შესახებ, რომ დაუშვებელია ზიანის მიყენება სამშვიდობო ძალებისა და სამოქალაქო პირებისთვის“.

გაეროს სამშვიდობო ძალები ლიბანში 1978 წლიდან იმყოფება და მათი თავდაპირველი ამოცანა იყო ამ ქვეყნიდან ისრაელის ჯარების გაყვანის დადასტურება. წლების განმავლობაში მისია იცვლებოდა ვითარების და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მიხედვით. ბოლო თვეებში, ღაზაში ისრაელის და ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ომის პერიოდში, ლიბანის ჰეზბოლას, რომელიც ჰამასის მოკავშირეა, და ისრაელს არაერთხელ გაუცვლიათ ცეცხლი.

ასევე ნახეთ სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა