თურქეთის პარლამენტში ათობით დეპუტატი მონაწილეობდა ნახევარსაათიან ჩხუბში

ათობით დეპუტატმა ჩხუბი გამართა თურქეთის პარლამენტში, სადაც ისინი კამათობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯან ათალაის მანდატის აღდგენის გამო.

შეხლა-შემოხლას აღწერს The Guardian-ი.

"არ არის გასაკვირი, რომ ათალაის ტერორისტს უწოდებთ. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში ისინი არიან, ვინც ამ სკამებზე სხედან", - განაცხადა ტრიბუნიდან ათალაის თანაპარტიელმა, აჰმედ სიქმა და მმართველი უმრავლესობისკენ მიუთითა.

ამით შეურაცხყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენელი და ყოფილი ფეხბურთელი, ალფაი იოზალანი, ტრიბუნასთან მივიდა და სიქას ხელი ჰკრა - ის წაიქცა და მას მმართველი უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა დაუწყეს ცემა. ჩხუბს კიდევ ათობით დეპუტატი შეუერთდა. დეპუტატები ნახევარი საათის განმავლობაში ჩხუბობდნენ - ორმა ტრავმები მიიღო თავის არეში, იატაკზე სისხლის ლაქები დარჩა.

ჩხუბის შემდეგ, დეპუტატები კენჭისყრას მიუბრუნდნენ და უარი თქვეს, მანდატი აღედგინათ ათალაისთვის, რომელიც ციხიდან მართავს კამპანიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორ დეპუტატს, რომლებმაც ეს ჩხუბი წამოიწყეს, სანქციები დაუწესდება.

ადვოკატი, უფლებების დამცველი ჯან ათალაი 2022 წლის შემდეგ საპატიმროშია. ის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააკავეს, მაგრამ მოახერხა მაისში პარლამენტის დეპუტატი გამხდარიყო, რადგან მისი განაჩენი არ იყო ძალაში შესული. მოგვიანებით მას დეპუტატის მანდატი გაუუქმეს.

ასევე ნახეთ ერდოანს ჰუსეინის ბედი შეახსენეს, ნეთანიაჰუს - ჰიტლერის