„ქალი გავლენის ქვეშ“ (1974, აშშ, რეჟისორი ჯონ კასავეტისი)
ჯინა როულენდსი გარდაიცვალა. დიდი ამერიკელი მსახიობი, რომელმაც კინოს ისტორიაში ქალის ერთ-ერთი საუკეთესო სახე შექმნა მეუღლის, ჯონ კასავეტისის შედევრში „ქალი გავლენის ქვეშ“. მაყურებელზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ამ როლს მარია ფალკონეტის მიერ განსახიერებულ ჟანა დარკს თუ შევადარებთ, კარლ დრეიერის ფილმში „ჟანა დარკის ვნებანი“. ცნობილია, რომ ფალკონეტიმ იმდენად გაითავისა წმინდანის სახე, რომ ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ კინოში მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ჯინამ შეძლო! კასავეტესის მუზა გახდა.
ჯინა როულენდსი და ჯონ კასავეტისი უნიკალური წყვილია ამერიკულ კინოინდუსტრიაში. კასავეტისის გარდაცვალებამდე ერთად იყვნენ და ვფიქრობ, სწორედ ერთგულების, თანაშემოქმედების ძალა დაეხმარა მსახიობს ზუსტად გაეგო, ღრმად გაეაზრებინა კასავეტისის მიერ დამკვიდრებული ახალი სტილი კინემატოგრაფში.
ამერიკული კინოს ამ წყვილის დახასიათებისას ხშირად ახსენებენ სიტყვას „სიყვარული“. ჰოლივუდისთვის ხომ გარკვეული თვალსაზრისით ეგზოტიკაა ცოლ-ქმარი, რომელმაც, როგორც ამბობენ ხოლმე, „ლამაზი ოჯახი“ შექმნა და შეინარჩუნა. ზუსტად ეს სიტყვა, „სიყვარული“, გვესმის ყველაზე ხშირად ფილმში „ქალი გავლენის ქვეშ“
ნიკი (პიტერ ფალკი) მშენებლობაზე მუშაობს და ხედავს, რომ მისი ცოლი, დიასახლისი მეიბელი, ჯინა როულენდსის შესრულებით, ფსიქიკური კრიზისის ზღვარზეა. ფილმის პრემიერის შემდეგ არაერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ ნიკი აქ ხშირად იმეორებს სიტყვას „მიყვარხარ“. თერაპიის თავისებური ფორმაა მისთვის. მაგრამ მეიბელი თითქმის არასდროს პასუხობს. მუდმივად, მთელი ფილმის განმავლობაში, „ბანზე უგდებს“ ამ სიტყვას. მით უფრო მნიშვნელოვანი და მწარედ ირონიული ხდება ფილმის ფინალი (რომელსაც, ცხადია, არ გიამბობთ), როდესაც სიტყვა „მიყვარხარ“ უკვე სულ სხვა მნიშვნელობას იძენს და ქმნის თავისებურ „ანტიჰეპიენდს“ (დააკვირდით, როგორი მუსიკა ადევს ფინალურ ტიტრებს) ჯონ კასავეტისის ალბათ მაინც ყველაზე პესიმისტურ ფილმში.
მეიბელი არის ქალი, რომელსაც უყვარს და ქალი, რომელიც უყვართ. სიყვარული, იმ გაგებით, როგორც გვესმის უმრავლესობას, იყო და არის ამ ოჯახში. მაგრამ, აბა, საიდან მოდის ეს ტკივილი, ეს ტანჯვა? რისი თუ ვისი გავლენით დაეწყო მეიბელს ბიპოლარული აშლილობა? რამ განაპირობა ოჯახური დრამა, თუკი ცოლიც, ქმარიც, ბავშვებიც „სიყვარულში ცხოვრობდნენ“?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კასავეტისის კინოს განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა უყუროთ!
ჯონ კასავეტისი დიდი ფორმალისტია. როგორც ამბობენ ხოლმე - „ულტრარეალისტი“, რომლისთვისაც სინამდვილის და სიცოცხლის მიმართ ნდობა მთავარი შემოქმედებითი პრინციპია. აქედან იქმნება მასთან სპონტანურობის, აბსოლუტური ბუნებრიობის შთაბეჭდილება.
ფილმში „ქალი გავლენის ქვეშ“ ემოციების ქარიშხალი იმდენად ძლიერია, რომ ხანდახან კამერა უბრალოდ ვერ ასწრებს ფოკუსის გასწორებას. მაგრამ გამოსახულების ბუნდოვანება („ჭუჭყი“) ზუსტად ასახავს განწყობას, რომელსაც განიცდის ჯინა როულენდსის პერსონაჟი მორიგი ფსიქიკური შეტევის დროს. მსახიობის თამაშს აქ ისიც ართულებს, რომ კასავეტისი, როგორც წესი, არ ცდილობს ახსნას, რატომ იქცევა გმირი ასე თუ ისე (კასავეტისი არაა ინგმარ ბერგმანი), რა განაპირობებს მის აშლილობას, რა უძღოდა წინ მის ისტერიკას? სოციალური წნეხი? წარსულის ტრავმები? ამას უნდა მიხვდეს მაყურებელი! აკი ერთხელ თქვა კიდეც რეჟისორმა: „დაკვირვება ერთადერთი ბედნიერებაა ამ სამყაროში“.
დაკვირვება, მაგრამ არა ვუაიერიზმი, არა სიამოვნება, რომელსაც მაყურებელი ამ დაკვირვებით იღებს (განსხვავებით თუნდაც ფრანსუა ტრიუფოს ან ერიკ რომერის ფილმებისგან). კასავეტისის ფილმების ყურება „სიამოვნება“ არ არის. უფრო შრომაა, წვალებაა. ფილმის მსვლელობის მანძილზე დისტანცია კამერას და პერსონაჟებს, მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის სრულიად იშლება. და პუბლიკა კარგავს როლს, რომელსაც, როგორც წესი, ვერ ელევა ოჯახური დრამის ყურების დროს - მაყურებელი არ იწყებს მსჯელობას პერსონაჟის საქციელზე, მის მორალზე. მაყურებელს აღარც ქალის განსჯის სურვილი არ აქვს. ცხადია, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა გენიალური ჯინა როულენდსის გარეშე.
დრეიერის „ჟანა დარკი“ შემთხვევით არ გამახსენდა. მსახიობი კასავეტისისთვის მართლა წმინდანი იყო. კამერა, განათება მთლიანად მსახიობის მოძრაობაზე და მიმიკაზე იყო გათვლილი. მსახიობს არ უნდა ეფიქრა კადრზე თამაშის დროს. მას თავისი პერსონაჟით უნდა ეცხოვრა. ჯონ კასავეტისი, გაშიშვლებული ემოციების ოსტატი, წერდა, რომ მისი ფილმების ფინალს ხშირად სწორედ მსახიობი ქმნის, რომ ხანდახან წინასწარ არ იცის, როგორ განვითარდება მოქმედება, რადგან ამას მსახიობი განსაზღვრავს. თუნდაც ისეთი, როგორიც ჯინა როულენდსია ფილმში „ქალი გავლენის ქვეშ“ - ქალი, რომელიც ანთებულ სანთელს ჰგავს. ხან ძლიერ ანათებს, ხან ბჟუტავს. ქალი, რომელიც მომწყვდეულია სამართლიანობასა და სიგიჟეს შორის, ნორმალურსა და არანორმალურს შორის. ასეთი ქალის დამორჩილება აბსოლუტურად შეუძლებელია. მას ვერ იმორჩილებს ვერც ქმარი - ვერც ძალადობით, ვერც მუქარით და ვერც თავისი სრულიად გულწრფელად ნათქვამი სიტყვით „მიყვარხარ“, ქმარი, რომელსაც (როგორც მამაკაცების უმრავლესობას ამ სამყაროში) სურს აკონტროლოს სიტუაცია, „გამოასწოროს“ მდგომარეობა. მაგრამ არა! ქალი მის წესრიგს, ოჯახური სიწმინდის მის გაგებას აღარ ემორჩილება. მეიბელის სიგიჟე ქალების ბუნტია. მხოლოდ ბავშვებს თუ შეუძლიათ უყვარდეთ დედა ისეთი, როგორიც არის (როგორც მეიბელის შვილი ამბობს: „დედა, შენ ჭკვიანი ხარ, ლამაზი, ოღონდ ცოტა ნერვიული“). მათ უყვართ დედა ყველანაირი - შეშლილიც, მთვრალიც, მოსიყვარულეც, მოღალატეც, აგრესიულიც. ქცევა ვერ განსაზღვრავს ამ სიყვარულს. და ამ გრძნობას არც სჭირდება დადასტურება სიტყვით „მიყვარხარ!“.
„ქალი გავლენის ქვეშ“, დამოუკიდებელი კინოს ეს მცირებიუჯეტიანი მარგალიტი, ოჯახური დრამაა. მაგრამ ფილმის მთავარი თემა, ჩემი აზრით, ფსიქიკური აშლილობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა. ამერიკული საშუალო კლასის ამ გენიალურ პორტრეტში უკომპრომისოდ, რადიკალურად და თანაც დიდი ტკივილითაა გაშიშვლებული საზოგადოება, რომელიც „ნორმალური ცხოვრების“ სასოწარკვეთილი, თითქმის მანიაკური სურვილით ცხოვრობს. მეიბელის სიგიჟის ზუსტ მიზეზს შეიძლება ვერ ჩავწვდეთ, მაგრამ იმას კი მივხვდებით, რომ ჯონ კასავეტისი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სვამს კითხვას: რა არის ნორმალურობა? ბავშვების გასეირნება პლაჟზე? მეგობრების მოკითხვა? ოჯახური სადილები? საყვარელი ადამიანის დამშვიდების სურვილი სიტყვით „მიყვარხარ“?
როგორც კი ამ „ნორმალურის“ საზღვრებში ცხოვრება თვითმიზნად იქცევა, შემოქმედება სრულდება, მოძრაობა სრულდება. მეიბელი გადაარჩენს სიცოცხლეს. ისევე როგორც ინგრიდ ბერგმანის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამომწყვდეულმა ირენმა გადაარჩინა რობერტო როსელინის ფილმში „ევროპა 51“ (კასავეტისი ნეორეალისტებს აღმერთებდა). ირენმა სიცოცხლეს და მოძრაობას შესწირა ყველაფერი, რაც გააჩნდა. წამებული ქალის სანახავად მისულმა გულუბრყვილო ღარიბ-ღატაკებმა (არა საშუალო კლასმა) იგი კლინიკის ფანჯარაში დაინახეს და შესძახეს: „შეხედეთ, ის ხომ წმინდანია!“
მეიბელიც წმინდანია.