მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი დაკრძალეს

თანამედროვე ქართული ალპინიზმის ვარსკვლავად წოდებული, “ოქროს წერაყინის” მფლობელი 34 წლის ალპინისტი უკანასკნელ გზაზე ვერის ეკლესიიდან გააცილეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა. ის 10 აგვისტოს დაიღუპა მწვერვალ შხელდაზე სასწავლო ექსპედიციისას - მის მახლობლად ჩამოვარდნილმა მეხმა ალპინისტი ადგილიდან მოწყვიტა. კლდოვანი ნაპრალებიდან მისი ცხედარი 12 აგვისტოს გადმოასვენეს ჯერ მესტიაში, საიდანაც ის სვანური ზარით გამოაცილეს თბილისში.

არჩილს, რომლის გამორჩეულობის ერთ-ერთი მახასიათიებელი ჯერ გაუვლელი მარშრუტებით მწვერვალების დაპყრობა იყო, ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ექსპედიცია ინდოეთის ჰიმალაებში ჰქონდა: აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე (6344 მ.) და რთულ და ლამაზ მწვერვალ ჩანგუჩზე (6322 მ.). 2023 წელს კი პატაგონიაში (არგენტინა-ჩილე), ჩალტენის მასივის უმაღლეს მწვერვალ Cerro Fitz Roy-ზე იყო პირველი ქართული ექსპედიციის მონაწილე თემურ ქურდიანთან ერთად.