გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების კიოლნ-ვანის ავიაბაზაზე შესაძლოა დივერსია განხორციელებულიყო. არსებობს სასმელი წყლის მოწამვლის ეჭვი. ყაზარმის ღობეში აღმოჩენილია ხვრელი, რომლითაც მის ტერიტორიაზე ვიღაცამ უნებართვოდ შეაღწია.
ტერიტორია უშიშროების ძალებით არის გარშემორტყმული, დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენის ეჭვის გამო, აღებულია წყლის სინჯები.
ყაზარმაში, რომელიც უშუალოდ კიოლნის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს, განლაგებულია გერმანიის არმიისა და მისი სამოქალაქო სამსახურების მრავალი სამეთაურო პუნქტი, მათ შორის ბუნდესვერის სწრაფი მზადყოფნის სამსახური. იგი პასუხისმგებელია გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების ტრანსპორტირებაზე. იქ მუდმივად არის განლაგებული 4300 ჯარისკაცი და 1200 სამოქალაქო პირი.
ყაზარმას აქვს საკუთარი ავტონომიური სადგური სასმელი წყლის მოსამზადებლად. ამჟამად მას ბუნდესვერის ექსპერტები ამოწმებენ.
Spiegel-ის ცნობით, ჯარისკაცებმა და ყაზარმების სამოქალაქო თანამშრომლებმა მიიღეს მითითება, არ გამოიყენონ სასმელი წყლის წყაროები და ხელმძღვანელობას შეატყობინონ არაუფლებამოსილ პირებთან კონტაქტის შესახებ.