ახალი ჩერნობილის საფრთხე - ატომური სადგურები ფრონტის მახლობლად

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. 22 აგვისტო, 2022 წ. - საილუსტრაციო ფოტო

კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ევროპის უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი მასიური ხანძრის გამო.

უკრაინაც და რუსეთიც ამტკიცებენ, რომ ხანძარს გავლენა არ მოუხდენია რადიაციულ უსაფრთხოებაზე, თუმცა, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, ასეთი ინციდენტები უაღრესად დიდ საფრთხეს შეიცავს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარდა, IAEA-ს შეშფოთებას იწვევს ფრონტის ხაზის მახლობლად კიდევ ერთი სადგურის, კურსკის ატომური ელექტროსადგურის ბედი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხანძარი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც 2022 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა გააჩინეს. თუმცა კრემლის მიერ დანიშნულმა ზაპოროჟიეს გუბერნატორმა ევგენი ბალიცკიმ თქვა, რომ ხანძრის მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძელების მოქმედებაა.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილმა ხანძარმა, რომლის კადრები საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, სპეციალისტები შეაშფოთა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „თავდასხმის“ გამო გაზრდილია ბირთვული უსაფრთხოების საფრთხე.

ასევე ნახეთ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა, დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ერთი დღით ადრე, სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა ექსპერტებმა სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონეს. თუმცა IAEA-ს დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ რადიაციის დონე არ შეცვლილა.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა Telegram-ზე დაწერა, რომ ხანძარი 12 აგვისტოს ჩააქრეს.

„ნიკოპოლის რაიონში რადიაციის დონე ნორმალურია, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ“, - დასძინა ლისაკმა.

„ვიდრე სადგური რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ბირთვული ავარიის საფრთხე და რისკი "საშინელ რეალობად" რჩება“, - ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის გაჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და ვიდრე უკრაინა არ დაიბრუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე - ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ობიექტზე - ბირთვული ავარიის მუდმივი საფრთხე და მაღალი რისკი საშინელ რეალობად დარჩება“, - თქვა ცაჰკნამ.

”ბირთვული უსაფრთხოების დონის არანაირი ცვლილება არ მომხდარა”, - განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ, რომელსაც არცერთი მხარისთვის არ დაუკისრებია პასუხისმგებლობა ხანძრის გამო, თუმცა გააფრთხილა ისინი, რომ "უპასუხისმგებლო თავდასხმები საფრთხეს უქმნის ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ინციდენტის რისკს“.

IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ცნობით, ძირითადი ხანძარი ჩააქრეს 12 აგვისტოს 23:30 საათისთვის. კორპორაცია ირწმუნება, რომ ორი გამაგრილებელი კოშკიდან ერთზე პირდაპირი იერიში მიიტანეს „უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა“.

გამაგრილებელი კოშკი - ეს მოწყობილობა ატმოსფერული ჰაერის მიმართული ნაკადით დიდი რაოდენობით წყალს აგრილებს. „როსატომის“ ცნობით, სწორედ გამაგრილებელი კოშკის შიდა კონსტრუქციები „სერიოზულად დაზიანდა“, ამასთან, როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განმარტა, ცეცხლი გაუჩნდა უმოქმედო გამაგრილებელი კოშკის პლასტმასის ორთქლის ხაფანგებს.

უკრაინულმა „ენერგოატომმა“ ასევე განაცხადა, რომ დაზიანდა ატომური ელექტროსადგურის ერთი გამაგრილებელი კოშკი და სხვა მოწყობილობები.

ამასთან, „ენერგოატომის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთი ატომური ელექტროსადგურების გამაგრილებელ კოშკებს სამხედრო აღჭურვილობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად იყენებს, ხანძარი კი შესაძლოა გამოწვეული იყოს გაუფრთხილებლობით ან სულაც შესაძლებელია ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.

IAEA-ს ექსპერტებმა მოითხოვეს ხანძრის შედეგად დაზიანებული გამაგრილებელი კოშკის დათვალიერება, რათა შეეფასებინათ ხანძრის მიერ მიყენებული ზიანი. მათი თქმით, ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი გაჩერებულია და დაზიანება პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს მათ უსაფრთხოებაზე, მაგრამ ხანძრის გავრცელებამ შეიძლება დააზიანოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ უკრაინა დაადანაშაულა სადგურის დაზიანების მიზანმიმართულ მცდელობასა და „ბირთვული ტერორის“ დათესვაში.

ასევე ნახეთ „მაიმუნი ხელყუმბარით“ - ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში

უკრაინის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ სწორედ რუსეთმა გააჩინა ცეცხლი ატომურ ელექტროსადგურში. „რუსმა ოკუპანტებმა ხანძარი გააჩინეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე“, - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს შავი კვამლის სვეტი ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი გამაგრილებელი კოშკის თავზე.

„...რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია, მაგრამ, სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, ვითარება არ არის და არც შეიძლება იყოს ნორმალური. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ შანტაჟისთვის იყენებს. ის აშანტაჟებს როგორც უკრაინას, ასევე მთელ ევროპასა და მსოფლიოს.

ჩვენ ველოდებით მსოფლიოს რეაქციას, ჩვენ ველოდებით IAEA-ს რეაქციას. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ უკრაინის კონტროლს შეუძლია ნორმალურობისა და სრული უსაფრთხოების გარანტირება“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური - 2022 წლის 4 მარტს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ატომური ელექტროსადგური დაიკავეს რუსეთის ჯარებმა, რომლებმაც იქ განათავსეს მძიმე სამხედრო ტექნიკა და 500-მდე შეიარაღებული ჯარისკაცი. 2022 წლის სექტემბერში, უსაფრთხოების მიზნით, ყველა რეაქტორის მუშაობა გაჩერდა. 2023 წლის მარტის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, მაგრამ ორი რეაქტორი არის „ცხელი გამორთვის“ რეჟიმში და ორთქლითა და სითბოთი უზრუნველყოფს როგორც სადგურს, ასევე ახლომდებარე ქალაქ ენერგოდარს. 2022 წლის სექტემბრიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მუშაობს IAEA-ს სპეციალური კომისია, რომელიც ადგილზე აკვირდება ვითარებას. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო ბირთვული ენერგიის ისტორიაში.

ზაპოროჟიეს აეს-ის გარდა, უკრაინის ტერიტორიაზეა ასევე შემდეგი ატომური ელექტროსადგურები:

  • რივნეს ატომური ელექტროსადგური - პირველი ატომური ელექტროსადგური უკრაინაში წყალ-წყლიანი ბირთვული რეაქტორებით. სიმძლავრე 3000 მგვტ. რივნეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ვოლინ-პოლესიეში, მდინარე სტირის მახლობლად, ქალაქ ვარაშიდან ოთხ კილომეტრში.
  • ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგური - მდებარეობს ქალაქ ნეტიშინში (უკრაინის ხმელნიცკის ოლქში, მდინარე გორინის მახლობლად). სადგურის მთავარი დანიშნულებაა უკრაინის დასავლეთ რეგიონში ელექტროსიმძლავრის დეფიციტის დაფარვა. სიმძლავრე 2000 მგვტ.
  • სამხრეთ-უკრაინის ატომური ელექტროსადგური - მდებარეობს უკრაინის ნიკოლაევის ოლქის ქალაქ იუჟნუკრაინსკში, მდინარე სამხრეთ ბაგის ნაპირებზე. მისი სიმძლავრეა 2800 მგვტ.

კურსკის ატომური სადგური ჩერნობილის კატასტროფის პოტენციალით

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის ფონზე. სწორედ კურსკის ოლქში, სადაც ერთი კვირაა, საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, მდებარეობს კურსკის ატომური ელექტროსადგური.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, 8 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტები, 9 აგვისტოს კი გაითიშა სატრანსფორმატორო ქვესადგური, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი კურჩატოვი.

კომპანია „როსატომი“ ირწმუნება, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა, როგორც გამოცემა „ფონტანკას“ რუსმა ფიზიკოსმა ანდრეი ოჟაროვსკიმ უთხრა, საბრძოლო ზონაში მდებარე ძველი, ე.წ. ჩერნობილის ტიპის ატომური ელექტროსადგური ყველასთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს:

კურსკის ატომური ელექტროსადგური. 2023 წ.

„კურსკის ატომური ელექტროსადგურის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში დღემდე მუშაობს ორი РБМК-1000 რეაქტორი. ჩერნობილი აფეთქდა ყოველგვარი გარეგანი ზემოქმედების გარეშე, შიდა მიზეზების გამო. აქ კი გარე გავლენით შეიძლება მოხდეს ჩერნობილის ნაწილობრივი სცენარი ანუ რეაქტორის აფეთქება, გრაფიტის ხანძარი.

როგორიც არ უნდა მოხდეს დამხმარე სისტემების მოდერნიზაცია, კურსკის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი არის გრაფიტის ცილინდრი, ისეთივე, რაც მთლიანად დაიწვა ჩერნობილის სადგურის მეოთხე რეაქტორში.

იმ შემთხვევაში, თუ რეაქტორები მუშაობენ, ნადგურდება ან თავად რეაქტორი, ან გაგრილების კონტური და იქმნება პირობები ავარიის ჩერნობილის სცენარით განვითარებისთვის. კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ არც ჩერნობილს და არც კურსკის ელექტროსადგურებს არ აქვთ დამცავი ხუფებით დაფარული რეაქტორები. ახალ პროექტებში ბეტონის დამცავი გარსები კეთდება“.

РБМК ( Реактор большой мощности канальный) - დიდი სიმძლავრის არხიანი რეაქტორი, ბირთვული რეაქტორების სერია, შემუშავებული სსრკ-ში.

ანდრეი ოჟაროვსკის თქმით, გამორთული ატომური ელექტროსადგურებიც კი ხიფათის შემცველია, რადგან ყველა მათგანშია გრაფიტი და გადამუშავებული ბირთვული საწვავი.

„ერთადერთი ის არის, რომ მათი განადგურება უფრო რთულია. როდესაც ისინი გრილ მდგომარეობაშია, ნამდვილად ჰგვანან რადიოაქტიური ნარჩენების ჩვეულებრივ საწყობს. მაგრამ ტექნიკურად, პრინციპში, გრაფიტის ხანძარი შეიძლება გაჩნდეს ბირთვული რეაქციების წვლილის გარეშე.

რატომ გაჩნდა ხანძარი ჩერნობილში? იმიტომ რომ გრძელდებოდა ბირთვული რეაქცია. გრაფიტიც აალებადი ნივთიერებაა, ჭურვები კი შეიცავენ ასაფეთქებელ და ცეცხლგამჩენ ნივთიერებებს“, - ამბობს ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, რომელიც ასევე მოხაზავს პოტენციური ზიანის რადიუსს:

„იგივე, რაც ჩერნობილში იყო - 200-300 კილომეტრი. მაშინ ყველაზე შორეული ევაკუირებული პუნქტი იყო კრასნოპოლსკის ოლქი, რომელიც სადგურიდან 230-240 კილომეტრში მდებარეობს. საუბარია მოსახლეობის ევაკუაციაზე, სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის ეს მანძილი თითქმის ორჯერ მეტია“.

ასევე ნახეთ „კურჩატოვიდან უკვე 10 კილომეტრში ვართ“ - ვანო ნადირაძე

კურსკის ატომური ელექტროსადგური - ატომური ელექტროსადგური რუსეთში, მდებარეობს კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში, ქალაქ კურსკის დასავლეთით 40 კმ-ში, მდინარე სეიმის ნაპირზე. შედგება ორი მოქმედი (და ორი გაჩერებული) ენერგობლოკისაგან, რომელთა საერთო სიმძლავრეა 2 000 მეგავატი. ექსპლუატაციაში შევიდა 1976 წელს.

რუსეთში, კურსკის გარდა, ატომური ელექტროსადგურები არის ასევე

  • ვორონეჟის ოლქში;
  • ლენინგრადის ოლქში;
  • მურმანსკის ოლქში;
  • როსტოვის ოლქში;
  • სარატოვის ოლქში;
  • სვერდლოვსკის ოლქში;
  • სმოლენსკის ოლქში;
  • ტვერის ოლქში.

რუსეთი ატომური გენერაციის სიმძლავრის მიხედვით, მეორე ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის (საფრანგეთის შემდეგ).

ასევე ნახეთ უდენობა, უწყლობა... - რუსეთის სამხრეთი „კომუნალური რევოლუციის“ ზღვარზე