აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ირწმუნება, რომ მის კომპიუტერებს ირანელი ჰაკერები დაესხნენ თავს. შედეგად სხვადასხვა საიდუმლო მასალა გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
საუბარია ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯ.დ. ვენსის არჩევასთან დაკავშირებული დოკუმენტის გამოქვეყნებაზე და ამ ნაბიჯის შესაძლო შედეგებზე.
დოკუმენტი შედგენილია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის, ძველი რეპორტაჟებისა და სენატორთან ინტერვიუების საფუძველზე. დოკუმენტის ავთენტურობა გამოცემა Politico-ს ორმა წყარომ დაადასტურა.
ჟურნალისტების თქმით, ჰაკერებმა შესაძლოა ხელში ჩაიგდეს ელექტრონული მიმოწერა ტრამპის კამპანიის შტაბიდან და მის სასამართლო საქმეებთან დაკავშირებული დოკუმენტები.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ მას Microsoft-მა აცნობა ირანის მთავრობის მხარდამჭერი ჰაკერების მიერ მისი ერთ-ერთი შტაბის ვებსაიტის გატეხის შესახებ.
Microsoft-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ირანელი ჰაკერები და ბოტები აქტიურად მუშაობენ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ, რათა საზოგადოებაში გააღვივონ სოციალური უთანხმოება და ამერიკის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას შეუწყონ ხელი მომავალი არჩევნების წინ.
Microsoft-ის წარმომადგენელმა The Washington Post-ს უარი უთხრა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე. გაეროში, ნიუ-იორკში, ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანს არა აქვს განზრახული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და არ მოეპოვება საამისო მოტივები.
ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. 2020 წელს აშშ-ის სამხედროების მიერ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ თეირანმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს შეერთებულ შტატებზე.
13 ივლისს ტრამპზე თავდასხმა განხორციელდა. ყოფილ პრეზიდენტს პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე ესროლა 20 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა თომას მეთიუ კრუქსმა. თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ტრამპს ყური დაუზიანდა.
მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა მოიპოვა სადაზვერვო მასალა, რომელიც მიუთითებს ირანულ შეთქმულებაზე ტრამპის მოკვლის მიზნით. CNN-ის წყაროების თანახმად, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ კრუქსი რაიმე შეთქმულებაში მონაწილეობდა. თუმცა, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.