ისრაელმა ხან-იუნისის მოსახლეობას მოუწოდა, სხვა ჰუმანიტარულ ზონას შეაფაროს თავი

ადგილნაცვალი პალესტინელები ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ხან-იუნისს ტოვებენ. 22 ივლისი, 2024.

ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზის სექტორში, ხან-იუნისის ჩრდილოეთით, გაავრცელა პროკლამაციები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს ევაკუაციისკენ განახლებულ ჰუმანიტარულ ზონაში, იუწყება The Times of Israel.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ ემზადებიან ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციის განსახორციელებლად. ცნობაში, რომელსაც ისრაელის პრესა იმოწმებს, განმარტებულია, რომ ოპერაცია ტარდება ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე. ისინი აღნიშნავენ, რომ პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობენ, ხან-იუნისის რაიონში საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს.

ამასთან, The Times of Israel-ის წყარო სამხედრო წრეებიდან იტყობინება, რომ ამ ტერიტორიის საავადმყოფოებს არ სჭირდებათ ევაკუაცია. გამოცემის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედროებმა ამის შესახებ აცნობეს ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს 2023 წლის 7 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. მაშინ ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ორასზე მეტი დაატყვევეს და ღაზაში წაიყვანეს. ზოგიერთი დღემდე მძევლად რჩება. ისრაელი ამბობს, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება და ჯიჰადისტების მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანების დაბრუნება.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში წარმოებული იერიშების შედეგად 40 ათასამდე პალესტინელი დაიღუპა, უმეტესობა ქალები და ბავშვები. ისრაელი ამ ინფორმაციას მნიშვნელოვნად გადაჭარბებულს უწოდებს.

ღაზის თითქმის მთელი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და გადასულიყო ლტოლვილთა ბანაკებში.

მრავალი ქვეყანა ბრალს სდებს ისრაელს ღაზაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.