„მათ თქვეს, რომ ისინი არიან აქ, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს არ მიატოვებენ“, - თქვა ეკა გიგაურმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს:
„ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, მათი მხრიდან მაღალი ინტერესია, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და დემოკრატიული. ერთ-ერთი საკითხი იყო „რუსული კანონი“ და ამ კანონის გავლენა“.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც და აღნიშნა, რომ „სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“.
„შეხვედრისას, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერაში, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია“, - წერია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია.
ასევე ნახეთ ხელისუფლების კრიტიკოსი, „ქართველი ხალხის აქტის“ ავტორი სენატორი ჯინ შაჰინი თბილისშისენატორი და კონგრესმენი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ამ წუთებში შეხვედრა იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ამერიკელი მაღალჩინოსნები ხვალ, 11 აგვისტოს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდაეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი ვიზიტი „აგენტების კანონის“ მიღებას.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე საუბარია იმ პროექტების შეჩერებაზე, რომლებსაც აშშ საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ახორციელებდა.