პროტესტის 28-ე დღეს, „ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები გაფიცვის ფორმატს ცვლიან. ისინი უარს ამბობენ „სოლიდარობის ჯაჭვის“ აქციაზე, რაც „ევოლუშენის“ შენობის შესასვლელების პიკეტირებას გულისხმობს. გაფიცვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, „ევოლუშენის“ თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ. ამის შესახებ მათ 8 აგვისტოს კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ გაფიცულები შიმშილობას და რამდენი მათგანი შეუერთდება პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. „ევოლუშენში“ დასაქმებული თამარ ანსიანი ამბობს, რომ შიმშილობის დაწყების დღეს და დროს ისევ ბრიფინგით აცნობებენ „ევოლუშენის“ ადმინისტრაციას. მანამდე მოუწოდებენ „ევოლუშენს“, დააკმაყოფილოს გაფიცვის მოთხოვნები და „ღირსეული შრომითი პირობები შეუქმნან დასაქმებულებს“.
„ამ დროის განმავლობაში, კომპანიასთან ოფიციალური და პირადი კომუნიკაცია არ ყოფილა. იურიდიული მცდელობები იყო, თუმცა ჩვენ ამას კომუნიკაციად ვერ ჩავთვლით", - ამბობს თამარ ანსიანი. ის აპირებს შეუერთდეს შიმშილობის აქციას. პროფესიულ კავშირ „ლაბორის“ წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს პრეზიდენტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს მოუწოდებს, დაინტერესდნენ „ევოლუშენში“ მიმდინარე პროცესებით და „არ დაუშვან 20-25 წლის ადამიანების შიმშილობა".
„დროებით ჩერდება სოლიდარობის ჯაჭვი, იმიტომ რომ დამსაქმებელმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი გამოიყენა და პროვოცირებს, რომ კომპანია გავა ბაზრიდან, თუ კოლეგებს არ გადააბიჯებთ და სტუდიებში არ შეხვალთ", - ამბობს გიორგი დიასამიძე და ამატებს, რომ კომპანიაში დასაქმებულებმა თავად შესთავაზეს გაფიცულებს შესასვლელების პიკეტირება, რათა გაფიცვისთვის მხარიც დაეჭირათ და არც სამსახურები დაეკარგათ: „ევოლუშენი დასაქმებულებზე პროვოცირებს და ემუქრება, რომ ბაზრიდან გავა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, არ გვინდა ამ პროვოცირების მიზეზი ვიყოთ“.
გაფიცულმა თანამშრომლებმა „ევოლუშენის“ შესასვლელებში დასხდომა და ამ ფორმით გზის გადაკეტვა 2 აგვისტოდან დაიწყეს, რამაც კომპანიის 24-საათიან სერვისს პრობლემები შეუქმნა. ვითარება ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა როგორც გაფიცულებსა და კომპანიის დაცვას, ისე დასაქმებულებს შორის.
გაფიცულებს „ევოლუშენის“ ადმინისტრაციაც მოუწოდებდა, შეეწყვიტათ შესასვლელების პიკეტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებდა, რომ კომპანია იძულებული იქნებოდა, მიემართა ცვლილებისთვის, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან შემცირებებს, რათა შეიზღუდოს „ევოლუშენის“ წარმომადგენლობა საქართველოში.
მუშაობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია „ევოლუშენმა“ თავად გაავრცელა 6 აგვისტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში საქმიანობის გაგრძელების მსურველი დასაქმებულები კომპანიაში დაიბარა და შემცირებული რესურსით, თუმცა მაინც მუშაობა განაახლა.
გაფიცულებმა თქვეს, რომ მენეჯმენტმა ამ თანამშრომლებს ხელმოსაწერად დაახვედრა მათ წინააღმდეგ საჩივრის ტექსტი - მისი ხელმომწერი დაადასტურებს, რომ დასაქმებული ვერ ახერხებს პროფესიული საქმიანობის შესრულებას ბლოკირებული შესასვლელების გამო, ამიტომ უფლებას აძლევს კომპანიას, წარადგინოს განცხადება შესაბამის უწყებაში, მისი უფლების დაცვისთვის. თანამშრომლების ნაწილმა უარი თქვა საჩივარზე ხელის მოწერაზე. გაფიცულები დარწმუნებული არიან, რომ ერთი ხელმოწერის შემთხვევაშიც კი, პოლიციას ექნება უფლება, ისინი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აყაროს.
„ევოლუშენ საქართველოში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომპანია ამ ეტაპზე მუშაობს „არასრული ოპერაციებით საქართველოს სტუდიაში“, სრულად დაშლილია „ევოლუშენის“ ერთ-ერთი შენობა და მაგიდები გადატანილია ქსელის სხვა ქვეყნებში.
„პოლიცია ადგილზე არის ყველა შეკრების დროს და მათი პასუხისმგებლობაა, აღკვეთონ უკანონო ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში. წერილი ამას არ უკავშირდებოდა, როგორიცაა სხვა ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა", - ამბობენ კომპანიაში.
კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები 12 ივლისს, დღის 12:00 საათიდან გაიფიცნენ, შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით. მათ კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. გაფიცვამდე მხარეებს შორის მედიაცია შედგა. მოლაპარაკების პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი წარმართავდა, თუმცა მხარეთა შეთანხმება ვერ მოახერხეს.
„ევოლუშენ საქართველო“ კაზინოებს თამაშების ონლაინწაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს. „სტატისტას“ დათვლით, ხუთ წელიწადში ონლაინკაზინოების კლიენტების რიცხვი 280 მილიონს გადააჭარბებს. ჯამში, „ევოლუშენის“ ოთხ კორპუსში, სულ მცირე, 20 სტუდიაა მოწყობილი, ერთ ცვლაში აქ ერთდროულად 1000-მდე ადამიანი მუშაობს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 172 მილიონი ლარი იყო, აქედან 12 მილიონი სუფთა მოგება. შვედური „ევოლუშენ გეიმინგის“ მალტაში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა შვიდი წლის წინ გახსნა და პირველსავე წელს 1000 ადამიანზე მეტი დაასაქმა. კომპანია 13 ქვეყანაში მუშაობს. ყველაზე დიდი ოფისი და ყველაზე მეტი - 8000-მდე თანამშრომელი კი - სწორედ „ევოლუშენ საქართველოს“ ჰყავს. კიდევ ორი ამდენი თუ მუშაობს დანარჩენ მსოფლიოში.
ასევე ნახეთ როცა ეს თამაში აღარ არის - რა ხდება „ევოლუშენის“ კედლებს მიღმა?