მოსკოვი მზადაა, ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგს - ზახაროვა

ფოტო არქივიდან: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 16 წლისთავს განცხადებით გამოეხმაურა.

უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზახაროვა აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას კონფლიქტის პროვოცირებაში და ამბობს, რომ „საქართველოს ექსპრეზიდენტის დანაშაულებრივი ავანტიურის“ საპასუხოდ, რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ „აგრესორისთვის მშვიდობის იძულება“ მოეხდინა.

ზახაროვა განცხადებაში საუბრობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებლობის“ აღიარებისა და ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზე.

"ამ პლატფორმის წყალობით ხერხდება შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება სამი ქვეყნის საზღვრებზე“, - წერია ზახაროვას განცხადებაში. ამასთან, რუსეთს მიაჩნია, რომ მხარეებმა მეტი პოტენციალი უნდა გამოავლინონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, რასაც „2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების თავიდან აცილების გარანტიად“ თვლის.

ამას, ზახაროვას სიტყვებით, „საქართველო-სამხრეთ ოსეთსა და საქართველო-აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება უნდა მოჰყვეს შემდგომი დემარკაციისთვის.“

„ამ ამოცანების აქტუალობა ბოლო დროს იზრდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების გაძლიერებული მცდელობებით, ისარგებლონ შიდარეგიონული წინააღმდეგობებით, ცხადი მიზნით დაძაბონ ვითარება რუსეთის საზღვრებთან. ამავდროულად, მისწრაფებისას, 'გაანაწყენონ' რუსეთი, დასავლელებს ავიწყდებათ რეგიონის სახელმწიფოების ინტერესები და საფრთხეს უქმნიან მათ უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას.

რუსეთი მზადაა ურთიერთქმედებისთვის მათთან, ვისთვისაც იმთავითვე სულ ერთი არაა სამხრეთ კავკასიის ბედი, მათ შორის აღმოუჩინოს ყოველმხრივი მხარდაჭერა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებისთვის, მტკიცე მშვიდობისა და რეგიონში მათთვის საერთო სხვა დაგროვილი პრობლემების მოგვარების მიზნით“.

8 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით.

განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, "პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება".

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, "16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-24 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით".

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს, ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.