თურქეთი მონაწილეობას აპირებს ICJ-ში პალესტინელთა გენოციდის თაობაზე ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა, 13 მაისი, 2024.

7 აგვისტოს თურქეთი აპირებს, განაცხადი შეიტანოს გენოციდის შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც სამხრეთმა აფრიკამ აღძრა ისრაელის წინააღმდეგ ჰააგაში, გაეროს სასამართლო ორგანოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

თურქეთმა არაერთხელ გააკრიტიკა ისრაელი ღაზის სექტორის დაბომბვისთვის პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ომში (აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ღიად დაუჭირა მხარი პალესტინელებს და დაგმო ისრაელის „ბარბაროსობა“, რომელმაც, მისი თქმით, „არაერთხელ წარმოაჩინა, რომ ის თავისი ხოცვა-ჟლეტის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს“.

ისრაელმა ჰამასის და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი დახოცეს და 250 მძევლად აიყვანეს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომს ღაზაში 40 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.