საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის შემოყვანის საკითხზე. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს. გარდა ამისა, პრეზიდენტი შეეხო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას.
„არასწორია ჩინეთის საკითხის ასე დაყენება, რომ ან შავი, ან თეთრი. მთელი მსოფლიო ვაჭრობს ჩინეთთან, რომელიც არის ერთი-ერთი უდიდესი სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკური თვალსაზრისით. ასე რომ, იმის თქმა, რომ საქართველო სხვანაირად უნდა მოიქცეს და კედლები ააშენოს, სისულელე იქნებოდა და ამას მე ნამდვილად არ ვუჭერ მხარს. სხვა არის ანაკლიის საკითხი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ოჩამჩირის გეგმა დღეს, პორტის. და წარმოვიდგინოთ, როგორ იქნება ეს ორი პორტი ერთმანეთთან ურთიერთობაში და აქ ისეთი კომპანიის შემოყვანა, რომელიც იქნება ერთადერთი, რადგან ეს კომპანია არის დასანქცირებული, მასთან ერთად არცერთი დასავლელი ინვესტორი ვერ შემოვა. ე.ი. ვრჩებით ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს ჩინური კომპანია, რაც არის არასასურველი იმიტომ, რომ ყველამ იცის, რა არის ჩინეთის მიერ პატარა ქვეყნებთან მიმართებით სესხების გაცემის და შემდეგ ამ სესხების დაბრუნების პოლიტიკა.
საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ზოგჯერ ითხოვენ სტრატეგიული რესურსების სანაცვლოდ აღებას ან მიწების და ა.შ. ასე რომ, ამ საკითხს სჭირდება სიფრთხილე, სჭირდება შესწავლა და სჭირდება ის, რაც ყველაზე უფრო აკლიათ, რაც არის ის თემა, რომელიც მოგვახვიეს - გამჭვირვალობა. და ცნობილია, რომ ჩინური კონტრაქტები არის ყველაზე გაუმჭვირვალე კონტრაქტები, შიგნით იდება მუხლები, რომელიც უკრძალავს მთავრობას, რომელიც მათთან აწერს ხელს, რომ საზოგადოებას გააცნოს ამ კონტრაქტის სრული ტექსტი. ალბათ თქვენც და მეც არ ვიცით რაზე ვაწერთ ხელს და ეს არის ის, რაც მე მიმაჩნია, რომ არის არასასურველი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დაამატა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დროს საჭირო არის სიფრთხილის გამოჩენა.
„იმაში, რომ ჩვენ ჩინეთთან გვაქვს ურთიერთობა, მე პრობლემას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ჩინეთს არ აქვს არცერთი ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული. ასე რომ, ჩინეთი არ არის მტერი. მაგრამ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელთანაც საჭიროა სიფრთხილე ეკონომიკურ ურთიერთობებში და კიდევ ერთი, ჩვენი კანონმდებლობით აკრძალული გვაქვს ასეთი ტენდერები სხვა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიასთან. ისე ხდება, რომ ეს ჩინური კომპანია არის სრულიად სახელმწიფო და არა კერძო კომპანია, ტენდერში იყო ეს მოცემულობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვა
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
კონსორციუმში, რომელთანაც საქართველო მთავრობა ანაკლიის პორტზე კონტრაქტს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გააფორმებს, შედიან:
- CCCC - „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited - რეგისტრირებული ჩინეთში);
- CHI - „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment - რეგისტრირებული სინგაპურში).
მართალია, CHI სინგაპურშია რეგისტრირებული, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. ამას ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს.
მინისტრ დავითაშვილის თქმით, კონსორციუმს, თავის მხრივ, ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს:
- CRBC - „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ (China Road and Bridge Corporation);
- QPI - „ცინდაოს საერთაშორისო პორტი“ (Qingdao Port International).
ოთხივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.
მანამდე კი, 2020 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ წყვეტდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფდა და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებდა სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.
30 ივლისს გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ რა ვიცით ანაკლიის პორტის ინვესტორ კომპანიაზე?