საქართველოში მოქმედი პრორუსული პარტია მოსკოვთან „სტრატეგიული მოკავშირეობის" მოწოდებით გამოდის

საილუსტრაციო ფოტო აქტივიდან: რუსეთისა და საქართველოს დროშები

საქართველოს პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრებმა 4 აგვისტოს თელავში "გეორგიევსკის ტრაქტატის" ხელმოწერის წლისთავი აღნიშნეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და საქართველო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მიმართა.

თელავში, ბატონის ციხესთან, რუსულ ენაზე გაკეთებული მიმართვის ჩანაწერი რუსულმა გამოცემა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა.

ასევე ნახეთ გეორგიევსკის „ლეღვის ფოთოლი“

ფიფიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „დაიწყოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები, დიპლომატიური ურთიერთობების უსწრაფესად აღდგენის მიზნით“, ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიწყოს „კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის პირობების მომზადება მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირის უსწრაფესად აღდგენის პერსპექტივით“. მისი თქმით, საუბარია „საერთო სივრცეზე ყველა გაგებით – ზოგადად ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო და სამხედრო-პოლიტიკური“.

ფიფიამ მიმართვაში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ზოგი ნარატივიც გაიმეორა.

„დასავლეთი ცდილობს საქართველო გადააგდოს ომის უფსკრულში. პატარა კავკასიური ქვეყანა წინააღმდეგობას სწევს, ცდილობს თვითგადარჩენას და ფაქტობრივად, ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის... საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ანტისახელმწიფოებრივი ძალები გადატრიალებას ამზადებენ. თუ ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური გზით შეიცვალა, საქართველო დაშლისა და განადგურების საფრთხის წინაშე დადგება. მთელი ქართული საზოგადოება მზად უნდა იყოს პროდასავლური რევანშის თავიდან ასაცილებლად“, - თქვა მან.

პარტიის თავმჯდომარე მიხელ ჟღენტმა კი ახალი "გეორგიევსკის ტრაქტატის" აუცილებლობაზე ისაუბრა. „დროა, აღვადგინოთ უშიშროების ერთიანი სისტემა, ჩვენ ხალხებს სჭირდება ახალი გეორგიევსკი, ჩვენ ხალხებს სჭირდება ახალი კავშირი“, - თქვა მან.

"გეორგიევსკის ტრაქტატი" 1783 წლის 24 ივლისს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. "ტრაქტატის" მიხედვით, სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. "სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო.

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის" 2023 წლის ბოლოს შეიქმნა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში შესვლის ამბიციები არ აქვს. პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტია.

მამუკა ფიფიამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართა რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების, სავიზო რეჟიმის იძულებით დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების ამნისტირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში დასაქმების გამარტივების თხოვნით. ამაზე მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული უწყება გაანალიზებს ქართული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მიმართვას.

მამუკა ფიფია გასულ წელს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში შეხვდა პარტია "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატს, ფრიდონ ინჯიას.

მაისში მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომისა და მოსკოვის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის, "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ გაწყვიტა.