ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების ძალების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა. ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო პორტალმა Ynet-მა მოიპოვა ინფორმაცია.
ვარაუდობენ, რომ ეს ვარიანტი განიხილება იმ შემთხვევისთვის, თუ გამოჩნდება სადაზვერვო ინფორმაცია, „რომელიც ასპროცენტიანი დამაჯერებლობით იტყვის, რომ ისრაელზე თავდასხმა განხორციელდება გარკვეულ ადგილას“.
ასევე ნახეთ ერთი ღამე, ორი მკვლელობა: რა შეიძლება მოჰყვეს ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერების მკვლელობასისრაელის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საპასუხო დარტყმა მოჰყვება ირანში აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ჰამასის დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუქრის მკვლელობას. ისრაელი საკუთარ თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას ჰანიეს მკვლელობისთვის.
ამასთან, ირანის მუქარის მიუხედავად, ინსტრუქციებში ცვლილებები არ არის, აღნიშნავს ისრაელის არმიის წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი. ირანმა პირობა დადო, რომ ჰანიეს მკვლელობისთვის შურს იძიებს ისრაელზე. 4 აგვისტოს თეირანმა უარყო შეერთებული შტატებისა და არაბული ქვეყნების მცდელობა, შეემსუბუქებინათ რეაქცია, წერს The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ მოლაპარაკებების მიმდინარეობას. „ჩვენ არ გვაინტერესებს, მივყავართ თუ არა ჩვენს რეაქციას ომამდე“, განაცხადეს ირანის წარმომადგენლებმა.
Axios-ის ცნობით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანმა შესაძლოა ისრაელზე დარტყმა განახორციელოს უკვე დღეს, 5 აგვისტოს.