სააკაშვილისთვის პალატის შეცვლით მისთვის პირობები არ შეცვლილა - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს სხდომას ერთვება კლინიკა "ვივამედიდან". 2 აგვისტო, 2024 წელი

კლინიკა "ვივამედში", სადაც ორ წელზე მეტია მკურნალობის კურსს გადის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი, აცხადებენ, რომ პალატის შეცვლით მას პირობები არათუ გაუუარესდა, გაუუმჯობესდა კიდეც.

პალატის შეცვლის შესახებ ცნობა მედიას მიხეილ სააკაშვილს დედამ გიული ალასანიამ 4 აგვისტოს მიაწოდა. მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი ახალ პალატაში გადაიყვანეს პარასკევს, სასამართლო სხდომის შემდეგ. პარასკევს, 2 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომას, რომელზეც მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა, კლინიკა "ვივამედის" პალატიდან ჩაერთო.

ასევე ნახეთ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის მოსამართლე შეიცვალა

"სამუშაო საათები რომ ამოიწურა და უკვე წვდომა ჩემს შვილთან აღარავის ექნებოდა, მომდევნო დღეებიც შაბათ-კვირა იყო და აგრეთვე იქნებოდა სრულ იზოლაციაში, უცებ დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში, დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სასტუმროში, სასტუმროს უწოდებენ იმ ნაწილს, სადაც მერვე სართულზე მოათავსეს ადამიანი. აღმოჩნდა, რომ ამ ახალ პირობებში ტელევიზორიც არ აქვს, თუმცა დაპირება იყო, რომ ყველაფერი იგივე უნდა ჰქონოდა. ემატებოდა კიდევ რაღაც სავარჯიშოები, ესეც ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა, მისი ჯანმრთელობისთვის. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო. მე გავიხედე იქ და იქ არც ეს სავარჯიშოები არ არის და, რაც მთავარია, ტელევიზიაც აღარ არის", - უთხრა კლინიკა "ვივამედთან" მყოფმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ “შეიცვალა პალატა კლინიკაში დეპარტამენტების დამატების გამო. პირობები არ გაუარესებულა, გაუმჯობესებულ პირობებშია გადაყვანილი - თუ აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში”.

რაც შეხება ტელევიზიისადმი ხელმისაწვდომობას, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც მოგვარებულია.

“სახლშიც შეიძლება ინტერნეტი გაითიშოს ერთი და ორი საათით. ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ატყდა ეს ხმაური? გამოსწორდა ეს ხარვეზი - ჩართულია ინტერნეტიც და ტელევიზიაც“.

ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პალატის შეცვლის აუცილებლობაზე მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი წინასწარ, ერთი თვით ადრე, იყვნენ ინფორმირებული.

"აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს არ იცოდა და ისე გაუფრთხილებლად გადაიყვანეს. ერთ თვეზე მეტია, დედა-შვილი საქმის კურსშია გადაყვანასთან დაკავშირებით”. რაც შეეხება კლინიკაში მისი ყოფნის აუცილებლობას, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ "გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, [სააკაშვილს] კლინიკაში ყოფნა ესაჭიროება. რას ამბობენ მისი მხარდამჭერები ამაზე, ვერაფერს გეტყვით და ეს მე ნაკლებად მაინტერესებს”, - ეუბნება ზურაბ ჩხაიძე რადიო თავისუფლებას სააკაშვილის გუნდის წევრების მიერ გამოთქმულ ვარაუდზე, თითქოს პალატის შეცლა ექსპრეზიდენტის საპატიმროში გადასაყვანად მზადებას უკავშირდება.

რაც შეეხება სავარჯიშო ტრენაჟორებს, "ვივამედის" კლინიკური დირექტორის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ელოდებიან, რეაბილიტოლოგის დასკვნის საფუძველზე.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.