ოჯახის ცნობით, თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

აფგან სადიგოვი ინგოროყვას ქუჩაზე დააკავეს

თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც ორიოდე კვირის წინ საქართველოდან თურქეთში არ გაუშვეს, - იუწყება მისი ცოლი, სევინჯ სადიგოვა.

ცოლის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცავები ცენტრალურ თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ სადიგოვს შკოდის მარკის ავტომობილში, სანომრე ნიშნებით UU-122-HU, სვამენ. რამდენიმე მათგანი სამოქალაქო ფორმაშია გამოწყობილი.

ადგილზე იყვნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. „რატომ მიგყავთ?“ - ეკითხებიან ისინი პოლიციელებს.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს, გაარკვიოს, რის საფუძველზე დააკავეს სადიგოვი.

სადიგოვის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამჟამად ცდილობს, გაარკვიოს, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, საქართველოდან წასვლას ვერ ახერხებდა.

უფრო ზუსტად, მისი თქმით, საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოდან წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი გეზს ბაქოსკენ აიღებს.

აფგან სადიგოვი, რომელიც აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს დააპატიმრეს, თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ამბობს, რომ დღესაც იდევნება თავისი საქმიანობის გამო და არც ის და არც მისი ოჯახი საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.

აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში შარშან, 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. ბოლო შვიდი თვეა ოჯახი თბილისში ცხოვრობს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრით ადრეც იმყოფებოდა საქართველოში.

ორიოდე კვირის წინ აფგან სადიგოვი რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, შიშობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში არანაირი სისხლის სამართლის საქმე არაა აღძრული, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „კვლავ შეკეროს საქმე“ და საქართველოს მისი გადაცემა მოსთხოვოს.

ასევე ნახეთ „თბილისი აღარ არის უსაფრთხო, არ ვიცი, რა მელის“ - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს