რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის უფროსის გენერალ ვლადისლავ მენშჩიკოვის ქალიშვილი, ტატიანა და მისი კომპანიონი, საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სახელმწიფო კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელი, იან ნოვიკოვი, თითქმის სამი მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ. ამის შესახებ „ინსაიდერის“ გამოძიებაშია ნათქვამი.
გამოცემის თანახმად, ტატიანა მენშჩიკოვამ 2022 წლის დეკემბერში შეიძინა ახალი 20 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ავტომანქანა Mercedes-Benz GLA 580 4MATIC-ი. ამავე დროს, მამის წლიური შემოსავალი 13,6 მილიონი რუბლია. ტატიანა მენშჩიკოვას ასეთი მდიდრული მანქანის შესყიდვის უფლებას, გამომძიებლების აზრით, ის შემოსავალი აძლევს, რასაც კომერციული უძრავი ქონებიდან იღებს.
ამ უძრავი ქონების საერთო ღირებულება თითქმის სამი მილიარდი რუბლია. ტატიანა მენშჩიკოვა განკარგავს ორ ბიზნესცენტრს მოსკოვში, კერძო სახლს ფეშენებელურ რაიონში, საწყობსა და სამ შენობას.
მთელი ეს უძრავი ქონება დარეგისტრირებულია სამ კომპანიაზე: „გალაქსზე“, „აგორასა“ და „ბიოიმპულსზე“, რომელთა საერთო შემოსავალმა 2023 წლისთვის 800 მილიონ რუბლს გადააჭარბა. ტატიანა მენშჩიკოვას ბიზნესპარტნიორი სახელმწიფო კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელი იან ნოვიკოვია, რომელიც ადრე იყო ტატიანას მამის მოადგილე. რუსეთის კონტრდაზვერვის ამჟამინდელი უფროსი ვლადისლავ მენშჩიკოვი „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელი იყო 2003-დან 2014 წლამდე.
გენერალ-ლეიტენანტი ვლადისლავ მენშჩიკოვი 2015 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის „ეფესბეს“ კონტრდაზვერვას და სწორედ ის დგას Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის უკან.
ევან გერშკოვიჩი და სხვა 15 პოლიტპატიმარი რუსეთის ციხეებიდან 1 აგვისტოს გათავისუფლდნენ აშშ-ს, რუსეთსა და ბელარუსს შორის მომხდარი პატიმრების გაცვლის შედეგად.
გაცვლამდე ცოტა ხნით ადრე, 19 ივლისს, სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით მიუსაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და საქმის არსებით განხილვას მხოლოდ სამი დღე დასჭირდა.
ასევე ნახეთ
ვინ არიან გაცვლილი პატიმრები?