ევროპის კავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა შეშფოთება გამოთქვა უნგრეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გამო - რომელიც აადვილებს ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შესვლას - და ბუდაპეშტს განმარტებები მოსთხოვა.
გასული თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა, ბუდაპეშტმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია ე.წ. ეროვნული ბარათის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ვიზების მიღების ახალ, დაჩქარებულ სისტემას რვა (მათ შორის - რუსეთისა და ბელარუსის) ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ უნგრეთში შესვლა უსაფრთხოების შემოწმებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე.
ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ბევრი მათგანი ჩართული იქნება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც რუსეთის "როსატომთან" არის კონტრაქტით დაკავშირებული. ამ ნაბიჯმა კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამან შესაძლოა, კარი გაუღოს ჯაშუშებსა და დივერსანტებს.
1 აგვისტოს, საღამოს, X-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომლითაც იოჰანსონმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, შანდორ პინტერს მიმართა, ნათქვამია, რომ რუსეთი ევროპის კავშირის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და, რომ საჭიროა "მეტი - და არა ნაკლები - სიფხიზლე".
ასევე ნახეთ მედია: უნგრეთმა გაამარტივა თავის ტერიტორიაზე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების შესვლა