სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის მოსამართლე შეიცვალა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია აგრძელებს - ამ საქმეს 2 აგვისტომდე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მოსამართლის ცვლილების მიზეზი გახდა ჩახნაშვილის საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ 2024 წლის ივლისში განწესდა.

მიხეილ ჯინჯოლია, რომელმაც სააკაშვილის საქმეზე პირველი სხდომა 2 აგვისტოს გამართა, მოსამართლე 2020 წელს გახდა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ კი 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. მოსამართლედ გახდომამდე, ჯინჯოლია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი იყო (2016-2019 წლებში).

მოსამართლის ცვლილების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა მტკიცებულებების გამოკვლევის საკითხიც - სასამართლო სხდომის დაწყებამდე, სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "საქმის განმხილველი მოსამართლის ცვლილების შემთხვევაში, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სტანდარტით, საქმეზე მტკიცებულებების განხილვა იწყება ხოლმე ხელახლა". სასამართლოსგან მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას ითხოვდა სახელმწიფო ბრალდების მხარეც.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მიხეილ ჯინჯოლიამ 2 აგვისტოს სხდომაზე განიხილა, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება იყო - ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო, მოსამართლემ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ ჯინჯოლიამ ეს გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან შესაბამისი შუამდგომლობის დაყენების შემდეგ მიიღო.

"როდესაც ადამიანს ექვსი წელი აქვს მისჯილი და აქედან სამი წელი ჯერ კიდევ მოსახდელია, როდესაც საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია და ახლა ხელახლა იწყება, როდესაც ამ საქმეზე ბრალდების მხარეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია, ასეთ დროს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ უნდა იყენებდეს. მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებაც კი არ აქვს და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში იმყოფება მხოლოდ სასამართლო პროცესებზე ჩართვისას, შესაბამისად ეფემერულიც კი არ არის რისკი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს. ის, რომ სააკაშვილი რაიმე მტკიცებულებას გაანადგურებს, როცა ყველა მტკიცებულება უკვე სასამართლოშია ან რაიმე ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ეს ხომ აბსურდია?! რას ვამბობთ, რომ "ვივამედში" რომ ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს, ამისთვის უნდა შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა?" - თქვა სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და გამოთქვა ვარაუდი, რომ შეიძლება წინასწარი პატიმრობის შეფარდება გახდეს სააკაშვილის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად, შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან“, - ასე დაასაბუთა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ "პოლიტიკური შეკვეთის" შესრულებად შეაფასა. ბასილაიას განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვისას სასამართლო პროკურატურის "სრულიად უკანონო შეკვეთებს" ასრულებს.

მოსამართლის მხრიდან პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ სააკაშვილის ადვოკატებმა დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა - მიხეილ ჯინჯოლიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბექა ბასილაიას და შოთა თუთბერიძის მოთხოვნით სხდომა გადაიდო.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.