რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვადიმ კრასიკოვი "ეფესბეს" თანამშრომელი იყო.
კრასიკოვს ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პატიმართა გაცვლის შედეგად დაბრუნდა მოსკოვში. მანამდე რუსეთის ხელისუფლება მის კავშირს სპეცსამსახურებთან არ ადასტურებდა.
პესკოვს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებისა და კრასიკოვის გულთბილ შეხვედრაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს გასაკვირი არაა, ვინაიდან კრასიკოვი ქვედანაყოფ „ალფაში“ მსახურობდა პუტინის დაცვის თანამშრომლებთან ერთად. "ეფესბეს" სპეციალურ დანაყოფთან ხანგოშვილზე თავდამსხმელის კავშირზე მანამდე სხვა დასავლურ გამოცემებთან ერთად წერდა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურიც.
ასევე ნახეთ მოკლული ხანგოშვილის ოჯახის ცნობით, კრასიკოვის გაცვლაზე არაფერი იცოდნენგერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების შეკვეთილი იყო, რასაც მოსკოვი არ აღიარებდა.
2 აგვისტოს პესკოვის მიერ გაკეთებული კომენტარებით, მოსკოვმა აღიარა ცოლ-ქმარ დულცევების მუშაობა რუსეთის სადაზვერვო სამსახურში. ისინი სლოვენიაში ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ გასამართლებული. კრემლის პრესმდივნის თქმით, ისინი დაზვერვის არალეგალური ოფიცრები იყვნენ. მათმა შვილებმა მშობლების რუსეთთან კავშირის შესახებ მხოლოდ მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში შეიტყვეს, ისინი რუსულად არ საუბრობენ. სლოვენიაში წყვილი თავს არგენტინელებად ასაღებდა.
კრასიკოვს, დულცევებსა და სხვა გათავისუფლებულ რუსეთის მოქალაქეებს პუტინი აეროპორტ ვნუკოვო 2-ში დახვდა. პესკოვის განმარტებით, აეროპორტში პუტინის ყოფნა „ვალის გადახდა იყო იმ ხალხისადმი, ვინც სამშობლოს ემსახურება“.
გაცვლილი ყოფილი პატიმრების დასახვედრად თვითმფრინავის წინ წითელი ხალიჩა იყო გაშლილი, პუტინი კრასიკოვს გადაეხვია და ანა დულცევას ყვავილები გადასცა. გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებულებს პუტინი შეხვედრას, თანამდებობებსა და სახელმწიფო ჯილდოებს დაჰპირდა.
1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ისა და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე.
ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები?